მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში „ენგელსის ავიაბაზას“ უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს

რუსული მხარის ცნობით, ოთხშაბათს ღამით, დრონებით შეტევა იყო, ქალაქ ენგელსზე, სარატოვის ოლქში და ბელგოროდის ოლქზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ერთი უკრაინული დრონი ჩამოაგდო ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, კიდევ ოთხი სარატოვის ოლქში.
ენგელსის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას ქალაქში მომხდარი აფეთქებების სერიის შესახებ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდია ბელგოროდი მუდმივი თავდასხმების ქვეშაა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე „ენგელსის ავიაბაზას“ უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ჩაატარა.

უკრაინის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ თავდასხმა შედეგიანი იყო და დეტალები ზუსტდება. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალებში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „დროულად და ეფექტიანად იმუშავა“. ბუსარგინის წინასწარი მონაცემებით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებს ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარატოვის ოლქში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს ტრადიციულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევები განეხორციელებინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ ორი გამოცემა წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ენგელსზე, სადაც რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზა მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში 20 მარტს, გამთენიისას, განხორციელდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ოთხი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „რბკ-უკრაინას“ განუცხადა, რომ ეს მათი „გეგმური სამუშაო“ იყო და შედეგები ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებულმა წყარომ დაზვერვის მთავარი სამმართველოდან უთხრა, რომ უკრაინული წარმოების კამიკაძე-დრონი „ლიუტი“ თავს „შესანიშნავად აჩვენებს“ და ენგელსის „დემილიტარიზაცია და დეკომუნიზაცია გაგრძელდება“. წყაროს თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დილით ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „დროულად და ეფექტიანად იმუშავა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარატოვის ოლქში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. შედეგების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას არაფერი უთქვამს

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქი ენგელსი უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული. ამ რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ადრეც იყო. 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შედეგად სამი რუსი სამხედრო დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 20 მარტს დილით, კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს“ ბელგოროდის ოლქში. გასულ ღამით, სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებოდა უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტიც. მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული „უკრაინული რაკეტის“ ნამსხვრევები ჩამოცვივდა ქალაქ კურსკის ცენტრსა და სხვა რაიონებში და რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქს უკრაინის ტერიტორიიდან უტევენ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ამას უარყოფენ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“, რომელთა თანახმად, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ ჯგუფებმა პირველად 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი ერთობლივად გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. შეიარაღებული ფორმირებების წევრები ირწმუნებიან, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან.

განსაკუთრებით რთული ვითარება ბელგოროდის ოლქშია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო. დღეს, 20 მარტს, ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ კვირის ბოლომდე სკოლებში სასწავლო პროცესიც შეწყდა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრმა, მოსახმობი სახელით „ფორტუნა“, 19 მარტს უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში მიმდინარეობს შეტევის განვითარება და წინსვლა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსი მოხალისეების მთელი რეზერვი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრი იუსოვმა ტელემარათონის ეთერში თქვა, რომ ეხმარებიან „რუსეთის მოხალისეთა კორპუსს“, ლეგიონ „რუსეთის თავისუფლებას“ და „ციმბირის ბატალიონს“, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. იუსოვის განცხადებით, ეს ხალხი უკრაინას ეხმარება რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში, ამიტომ უკრაინაც უნდა დაეხმაროს იმ რუსებს, რომლებიც იბრძვიან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და მისგან რუსეთის გასათავისუფლებლად.

19 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე „დივერსანტების და უცხოელი დაქირავებულების შეღწევის ყველა მცდელობა ჩაიშალა“. პუტინის თანახმად, „მტრული დაჯგუფებები აპირებდნენ ნამდვილ ტერორისტულ რეიდს ბელგოროდის და კურსკის ოლქების ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში“, თუმცა „მისადგომებთან ცეცხლით დახვდნენ“ და მათ „დიდი დანაკარგი განიცადეს”.

პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა „კიევის რეჟიმის” ხელით რუსეთის წინააღმდეგ რადიკალური დაჯგუფებების გამოყენებაში და უშიშროების ფედერალური სამსახურისგან მოითხოვა ანტიტერორისტული მუშაობის გაძლიერება, რადგან „მოწინააღმდეგე ძლიერი და საშიშია“. პუტინმა უშიშროების სამსახურს დაავალა რუსეთის „მოღალატეთა“ სათითაოდ გამოვლენა და დასჯაც.

რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების „ენგელსის ავიაბაზაზე“ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button