რუსეთში ოქროს “ტრამპოფონი” გამოუშვეს
კომპანია Caviar-მა, რომელიც სმარტფონების ლუქსური ვერსიების გამოშვებითაა დაკავებული, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის პატივსაცემად, iPhone 7-ის პარტია გამოუშვა, სახელწოდებით Supremo Trump Changeover.
გამოცემა Life-ს ინფორმაციით, სმარტფონზე ტრამპის ოქროს ბარელიეფი, აშშ-ის გერბი და ლოზუნგი: “Make America Great Again” არის გამოსახული, რომლის წარმოთქმის წყალობითაც ოლიგარქი ამერიკის პრეზიდენტი გახდა.
ტრამპის პორტრეტი და აშშ-ის გერბი, რენესანის სკულპტურული ტექნიკის სტილში, 750 სინჯის ოქროსგანაა შესრულებული.
“ეს ტელეფონი – რუსეთისა და აშშ-ის დაახლოების გამომხატველია. რუსეთის მიმართ ტრამპის მიერ წარმოთქმული კეთილგანწყობილი სიტყვები იმედს გვიტოვებს, რომ 2 ძლიერ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება”, – განაცხადეს კომპანიაში.
ტრამპის სმარტფონები მცირე ტირაჟით გამოიცა – სულ 99 ეგზემპლარი. თითოეულის ფასი 197 000 რუსულ რუბლს შეადგენს.