რუსეთში პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი შეიწყალების შემდეგ უკრაინაში ომში იბრძვის
ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს

რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში მსჯავრდებული სერგეი ხაჯიკურბანოვი უკრაინასთან ომში მონაწილეობის შემდეგ, პუტინმა შეიწყალა. მან კონტრაქტი გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ხაჯიკურბანოვს 20 წლით თავისუფლება აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
“ორგანიზებული დანაშაულის კონტროლის დეპარტამენტის ყოფილმა დეტექტივმა, სერგეი ხაჯიკურბანოვმა, რომელიც ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში იყო მსჯავრდებული, მონაწილეობა მიიღო უკრაინაში სამხედრო ოპერაციაში და მიიღო შეწყალება” – განუცხადა RBC-ს მისმა ადვოკატმა ალექსეი მიხალჩიკმა.
ადვოკატის ინფორმაციით, ხაჯიკურბანოვი მონაწილეობდა “სამხედრო ოპერაციაში” როგორც პატიმარი, შემდეგ იგი შეიწყალეს და ახლა მონაწილეობს როგორც სამოქალაქო ჯარისკაცი, რომელმაც გააფორმა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან.
არხის თანახმად, ხაჯიკურბანოვი უკრაინაში, ომში, 2022 წლის ბოლოდანაა. მან სამხედრო სამსახური დაიწყო, როგორც დაზვერვის ათეულის მეთაურმა. „იგი არაერთხელ გადავიდა მტრის ზურგში და ასრულებდა მზვერავებისათვის სპეციფიკურ დავალებებს”, – წერს „ბაზა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინაში ხაჯიკურბანოვმა ბატალიონის მეთაურის წოდებას მიაღწია. ექვსთვიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, მან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააგრძელა. „ბაზის“ წყაროებმა ვერ დააკონკრეტეს ახალი ხელშეკრულების ხანგრძლივობა და ხაჟიკურბანოვის ამჟამინდელი სამხედრო თანამდებობა.
“90-იან წლებში სპეცრაზმში მუშაობდა, გამოცდილება აქვს, ალბათ ამიტომაც მაშინვე შესთავაზეს სამეთაურო პოზიცია. მე მჯერა, რომ, გარკვეულწილად, სამართლიანობამ გაიმარჯვა, რადგან მიმაჩნია, რომ ის არ მონაწილეობდა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში“, – ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოში. მკვლელმა მას ოთხჯერ ესროლა პირდაპირ და შემდეგ, საკონტროლო გასროლის სახით, თავში, მაშინ, როცა პოლიტკოვსკაია ლიფტში შევიდა. ადგილზე იპოვეს მაკაროვის ტიპის იარაღი და ვაზნები.
2014 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩნეთის მცხოვრებთ, რუსტამ მახმუდოვს და ლომალი გაიტუკაევს, რომლებიც დამნაშავედ ცნეს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესრულებაში. გაიტუკაევი შემდგომში კოლონიაში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი მკვლელობის თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს და 2014 წელს 20 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლის ძმებს, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვებს – რომლებიც პოლიტკოვსკაიას უთვალთვალებდნენ – შესაბამისად, 12 და 14 წლით მიესაჯათ პატიმრობა.
ანა პოლიტკოვსკაია დამოუკიდებელი რუსული გაზეთის Novaya Gazeta-ს სპეციალური კორესპონდენტი იყო, კრიტიკულად აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, საგამოძიებო მასალებს ამზადებდა ჩეჩნეთში რუსი სამხედროების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს, ჟურნალისტს მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში ესროლეს. პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ორ ბრალდებულს რუსტამ მაკმუდოვსა და ლომ-ალი გაიტუკაევს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.