რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩატარდება-კრემლი ვარაუდობს რომ პუტინი ამომჩეველთა ხმის 80%-ზე მეტს მოიპოვებს

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
“დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს. ეს დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან”, – ნათქვამია განკარგულებაში.
არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება, რომელმაც რუსეთის განვითარების ვექტორი უნდა განსაზღვროს.
თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ბრძანება 13 დეკემბერს გამოიცემოდა, ამის შესახებ მედიასთან აცხადებდნენ რუსეთის “კომუნისტური პარტიის” ლიდერი გენადი ზიუგანოვი და სხვა წყაროები.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა კი ამბობს, რომ პირველად რუსეთის თანამედროვე ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნები “ასეთ ტოქსიკურ გეოპოლიტიკურ ატმოსფეროში” ჩატარდება.
რუსეთის ცესკო-ში ამბობენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციური ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული არ არის.
პუტინს ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ცნობილია, რომ კრემლი პუტინის მონაწილეობისთვის უკვე ემზადება. როგორც Meduza წყაროებზე დაყრდნობით წერს, კრემლი ვარაუდობს, რომ პუტინი ამომჩეველთა ხმის 80%-ზე მეტს მოიპოვებს.
თარიღის გამოცხადების შემდეგ განცხადება გააკეთა პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს “კონკურენციას ვერავინ გაუწევს”.
“თუ ვივარაუდებთ, რომ პრეზიდენტი წარადგენს თავის კანდიდატურას, მაშინ, აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ ეტაპზე, მას ვერავინ გაუწევს კონკურენციას”, – თქვა პესკოვმა.
პუტინი თავის კანდიდატურას დაასახელებს და კრემლი იოლ გამარჯვებას მოელის, აღნიშნავდა რუსული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემები “Медуза” და “Вёрстки” წერდნენ, რომ ჩინოვნიკებს ამოცანად დაუსახეს არჩევნებში პუტინისთვის ხმების 80 პროცენტის უზრუნველყოფა.
პუტინის კანდიდატურას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ დუმის პარტიები “Справедливая Россия — За Правду” და “Единая Россия”. თუმცა მას თვითწარდგინებაც შეუძლია.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი) და ჟურნალისტმა რჟევიდან ეკატერინა დუნცოვამ. თავისი კანდიდატის წარდგენას გეგმავს პარტია “Новые люди” (ახალი ხალხი).
რუსეთის კონსტიტუციაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებები რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საშუალებას აძლევს, არჩევნებში კენჭი მეხუთედ იყაროს. მას ნათქვამი აქვს, რომ თავის გეგმებზე ისაუბრებს არჩევნების თარიღის ოფიციალურად დადგენის შემდეგ
თვითწარდგინების შემთხვევაში, კანდიდატმა სულ მცირე 300 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, რუსეთის ფედერაციის ყველა შემადგენელ სუბიექტში, მათ შორის რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების მესამედს ან სახელმწიფო სათათბიროში წარმოდგენილ პარტიებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას თქმით, განიხილება სამდღიანი არჩევნების ჩატარების საკითხიც, ამ შემთხვევაში ხმის მიცემა 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.