რუსეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მედიკოსებმა რუსეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოავლინეს. ინფორმაციას Роспотребнадзор-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ვირუსით დაინფიცირებული ქალი ინფექციური სტაციონარის ბოქსშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალი დომინიკის რესპუბლიკაში ისვენებდა. მოსკოვში ჩასვლისთანავე მას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუუარესდა, სიცხემ აუწია და ტანზე გამოაყარა.

რუსეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავის ქვეყნებში დასვენებისგან თავის შეკავება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ ზიკას ვირუსი ფეხმძიმე ქალებისთვის განსაკუთრებით საშიშია. იგი ნაყოფში მიკროცეფალიას იწვევს.

მედიკოსების ინფორმაციით, ზიკას სინდრომი უკურნებელი სენია. დღესდღეობით მისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება არსებობს – აღნიშნული ვირუსის გადამტან კოღოებთან ბრძოლა.

ზიკას ვირუსი Flaviviridae-ს ოჯახის აბროვირუსულ ინფექციას განეკუთვნება. მისი გადამტანი Aedes გვარის კოღოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button