რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადააფრინეს
კომაში მყოფი ალექსეი ნავალნი დღეს დილით თვითმფინავის მეშვეობით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გადაიყვანეს. პოლიტიკოსის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სურდა მოწამვლის კვალი დაემალათ და ექიმებმა ამის გამო თავიდანვე არ დართეს ნება ავადმყოფი სამკურნალოდ გერმანიაში გადაეყვანათ.
სპეციალური თვითმფრინავი Bombardier Challenger 604, რომელიც განკუთვნილია კომაში მყოფი პაციენტების გადასაყვანად, ომსკის აეროპორტიდან დილის 5 საათზე გაფრინდა. ნავალნის რეანომობილი აეროპორტში პოლიციელების თანხლებით მივიდა. სპეციალური საკაცით, ნავალნი თვითმფრინავის სალონში მოათავსეს. ბორტზე ავიდა ოპოზიციონერის მეუღლე იულია.
ბერლინის აეროპორტიდან ალექსეი ნავალნი მიიყვანეს კლინიკა „შარითე“-ში, – ინფორმაციას BBC-ის საინფორმაციო სამსახური ავრცელებს.
კლინიკაში ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ჯანმრთელობის დიაგნოსტიკას ახდენენ და გამოკვლევის შემდეგ, ასევე ოჯახის წევრებთან კონსულტაციის შემდგომ უკვე კომენტარს გააკეთებენ წინასწარი დიაგნოზის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, რა დროსაც თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო, ავიალაინერი ომსკში დაეშვა და ალექსეი ნავალნი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი პრესმდივანი კირა იარმიში აცხადებდა, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია. იარმიშის ინფორმაციით, დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ სავარაუდოდ სწორედ ჩაიში იყო მომწავლავი ნივთიერება შერეული.