რუსი ოპოზიციონერი ციმბირში მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იმყოფება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში. ამის შესახებ იუწყებიან ნავალნის თანამოაზრეები, რომლებიც ოპოზიციონერთან 20 დღის განმავლობაში ვერ ამყარებდნენ კავშირს.
ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში ამბობს, რომ მსჯავრდადებულს შეხვდა თავისი ადვოკატი და ნავალნი “კარგად არის”. თვის დასაწყისში, ნავალნის თანამებრძოლები ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსთან რამდენიმე დღეა კონტაქტზე ვერ გადიან. ისინი აცხადებდნენ, რომ ნავალნის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ – ის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
კოლონია, რომელშიც ახლა ნავალნი იმყოფება, ყველაზე შორეულია და ჩრდილოეთის შორეულ ნაწილში მდებარეობს.
“პირობები მანდ საკმაოდ მკაცრია, განსაკუთრებული რეჟიმია – მუდმივი გამყინვარების ზონაა. ძალიან რთულია იქამდე მიღწევა. ასევე იქ არ არსებობს წერილების მიწოდების სისტემა”, – თქვა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა.
სოფელი ხარპი, სადაც კოლონია მდებარეობს, დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილშია. იქ ახლა პოლარული ღამეა. მოსკოვთან ოლქს აკავშირებს ვორკუტაზე გამავალი რკინიგზა.
კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ “იუკოსის” თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
სოფელში არის კიდევ ერთი კოლონია სახელწოდებით “პოლარული ბუ” – ეს არის კოლონია მსჯავრდადებულებისთვის, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ნავალნის ადვოკატები აცხადებენ, რომ მადლობას უხდიან ყველას, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავალნიზე ინფორმაციის არქონის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.