მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა თავისუფალია

რუსეთი აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებთან შეთანხმების ფარგლებში ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთანავე, CBS News, თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კარა-მურზას აშშ-ში ელიან, თუმცა ზუსტი დრო არ სახელდება.

ვლადიმირ კარა-მურზას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო, გასული წლის აპრილში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთმა აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან შეთანხმების ფარგლებში 20-დან 30-მდე პოლიტიკური პატიმარი უნდა გაათავისუფლოს- გაცვლა ანკარაში, თურქეთის დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობით, აშშ-ს, რუსეთს, გერმანიასა და დასავლეთის კიდევ სამ ქვეყანას, პოლონეთის, სლოვენიასა და ნორვეგიას შორის წარიმართა.

Bloomberg-ის ცნობით, იმ პოლიტპატიმრებს შორის, რომლებიც კრემლმა უკვე გაათავისუფლა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო საზღვაო ქვეითი პოლ უელანი არიან.

ბოლო დღეებში იზრდებოდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ პატიმართა გაცვლა ჰორიზონტზეა, რადგან რამდენიმე პოლიტპატიმარი და ჟურნალისტი ციხის საკნიდან უცნობ ადგილებში გადაიყვანეს. იმ პატიმრებს შორის, რომელთა ადგილსამყოფელიც უცნობია, იყვნენ აქტივისტები ვლადიმერ კარა-მურზა, ოლეგ ორლოვი და ლილია ჩანიშევა, ასევე მოსკოვის საკრებულოს წევრი ილია იაშინი.
გამოცემა The Guardian წერს, რომ გაცვლის შედეგად კარა-მურზასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ რამდენიმე რუსი პოლიტპატიმარი, მათ შორის იაშინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობისთვის 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2022 წლის ბოლოს მიესაჯა.

Politika.Kozlov-ის წყაროს ცნობით, გაცვლისთვის მომზადებული პირების სიაში შედიან ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციებთან, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დააპატიმრეს უკრაინის ომისა და აშშ-ის კრიტიკისთვის. სიაში შესაძლოა ასევე შევიდნენ ის პირები, რომელთა სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button