მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსმა გენერალმა “ვაგნერის” ჯგუფის მეთაურის გეგმების შესახებ იცოდა

კრემლის პრესსპიკერმა სპეკულაცია უწოდა რუსი გენერლის შესაძლო ჩართულობას ვაგნერის ოპერაციაში

უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times-ი წერს. მისი წყაროები არიან შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, რომლებიც ამერიკული დაზვერვის მიერ არიან ინფორმირებული.

გამოცემის თანახმად, აშშ ცდილობს დაადგინოს, ეხმარებოდა თუ არა გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინს პრეზიდენტ პუტინისთვის 23-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე საშიში ქმედებების დაგეგმვაში. New York Times-ის წყაროთა თანახმად, არის იმის ნიშნები, რომ, სავარაუდოდ, სხვა რუსი გენერლებიც უჭერდნენ მხარს პრიგოჟინის მცდელობას, ძალით შეეცვალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა.

შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ პრიგოჟინი ამბოხს არ დათანხმდებოდა, რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი პირების დახმარების იმედი რომ არ ჰქონოდა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, თუ დადასტურდება, რომ გენერალ სუროვიკინს ამ მოვლენებთან კავშირი აქვს, ეს იქნება ბოლო წვეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებულ დაპირისპირებაში.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ამბოხების დაწყებამდე პრიგოჟინი მძვინვარებდა როგორც შოიგუს, ისე გერასიმოვის წინააღმდეგ, ადანაშაულებდა მათ კამპანიის წარუმატებლობაში და არმიის მხრიდან „ვაგნერის“ მებრძოლების მხარდაჭერის ნაკლებობაში.

შეგახსენებთ, სუროვიკინს ოქტომბერში უკრაინის ოპერაციების საერთო პასუხისმგებლობა დაეკისრა, მაგრამ იანვარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კამპანიის ზედამხედველად გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა, ხოლო სუროვიკინი მის მოადგილედ გადაიყვანა.

„როიტერის“ ცნობით, პენტაგონმა არ უპასუხა სააგენტოს თხოვნას კომენტარისთვის. შეკითხვებზე პასუხისგან ასევე თავი შეიკავეს კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისს, საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ New York Times-ის სტატიის ცნობა, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილემ, სერგეი სუროვიკინმა იცოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენის პრიგოჟინის გასული კვირის ამბოხების შესახებ, არის „სპეკულაცია“. პესკოვმა თქვა, რომ „ამ მოვლენებთან დაკავშირებით არის ბევრი სხვადასხვა სპეკულაცია, ბრალდება და ა.შ.. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ასეთი მაგალითი,“ განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს 28 ივნისს.

24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას წაადგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button