მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა დასახლება ავდეევკა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში დასახლება ავდეევკა დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის სამხედრო საოლქო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო Telegram-ზე ავრცელებს.

კირილენკოს ცნობით, ოკუპანტებმა ცეცხლი ავდეევკას ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გახსნეს.

“დღეს – მორიგი შავი დღეა ჩვენი ავდეევკასთვის. დილით, რუსულმა ბოროტმა სულებმა კიდევ ერთხელ მოიტანეს სიკვდილი ჩვენს მიწაზე, როგორც ყოველთვის ბოროტად, მალულად, პიკის საათში დაბომბეს ცენტრალური ბაზრის ტერიტორია ტანკებიდან და რეაქტიული სისტემებისგან. დაიღუპა 7 ადამიანი, დაიჭრა 9”, – წერს კირილენკო.

როგორც ცნობილია, გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა დონეცკის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ბოლო 24 საათში მტერმა 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა – 4 ლიმანში, 2 კი ტერნში. დაშავდა 1 ადამიანი.
„ასეთ დაბომბვას არ აქვს არანაირი სამხედრო ლოგიკა – მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქის მოკვლისა და სხვების დაშინების შეუკავებელი სწრაფვა. ამაშია რუსების მთელი არსი. მათ არ ძალუძთ უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ ეომებიან უიარაღო სამოქალაქო პირებს“, – წერს კირილენკო.
რუსი ოკუპანტები ცდილობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიციების შენარჩუნებას, ასევე კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევების მოგერიებაზე და აქვთ მცდელობა, განახორციელონ შეტევითი მოქმედებები ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით.

პოლიციის ცნობით, ქალაქი „გრადებით“ დაბომბეს.

რუსეთმა უკრაინის სუმისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში ენერგეტიკული ობიექტებიც დაბომბა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

უცნობია, ზუსტად რომელ ობიექტებზე განხორციელდა თავდასხმა. სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, დმიტრი ჟივიცკის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, დარტყმა ელექტროქვესადგურს მიადგა. ორშაბათიდან რუსეთმა მსგავს ობიექტებზე ათობით დარტყმა განახორციელა.

რუსეთის მიერ 10 ოქტომბრიდან გააქტიურდა სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე. კიევი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით დახმარების გაზრდას ითხოვს.

სამშაბათს დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კავშირების ცენტრის(GCHQ) ხელმძღვანელმა ჯერემი ფლემინგმა განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ 10 ოქტომბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევისა, რუს სამხედროებს საბრძოლო მასალები უმთავრდებათ და ეს იციან ადგილებზე მყოფმა მეთაურებმა. ფლემინგის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ სიტუაციის შეფასება და მიღებული გადაწყვეტილებები მცდარი იყო და ამას რუსეთის მოქალაქეებიც ხედავენ.მსგავს დასკვნამდე მივიდა ზოგი სამხედრო ექსპერტიც. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის რუსეთის საკითხებში ანალიტიკოსმა ჯორჯ ბაროსმა, ჟურნალ Newsweek-ისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციების გამო მოსკოვს უჭირს ზუსტი მართვადი რაკეტების მარაგის შევსება.

მსგავსი პოსტები

Back to top button