მნიშვნელოვანისიახლეები

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი გაიმართა. რეჟიმის პატიმრების საქმის განხილვა 24 აპრილამდე გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო, მისი თქმით, დაკავებულთა საქმე განსახილველად მას გუშინ დაეწერა და საქმის მასალების შესასწავლად დრო სჭირდება.
დღეს საქმის არსებითი განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა 24 აპრილამდე გადადო. როგორც მან განმარტა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა საქმე განსახილველად გუშინ დაეწერა, საქმე არის მოცულობითი, მას უნდა გაეცნოს და ამიტომ, ადვოკატებს სხდომის გადადება შესთავაზა.

“ისევ დახურულია სხდომა. მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება, რომ დაესწრონ პროცესებს, რაც წესით ასე არ უნდა იყოს. უკვე მეოთხე პროცესია ხალხის გარეშე არის ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორიც არის სინდისის პატიმრების სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არა მხოლოდ შიდა დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც არის მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
პროცესი კვლავ ნახევრად დახურული ფორმატით ჩატარდა. დარბაზში არ შეუშვეს ბრალდებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. პროცესს არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული, რეზო კიკნაძე, რომელიც წინა სხდომაზე მოსამართლემ სხდომის დახურვის საკითხზე პროტესტის შემდეგ გააძევა.

ვიდრე სხდომა გადაიდებოდა, ადვოკატებმა სიტყვით ისარგებლეს, მოითხოვეს მომდევნო სხდომის სრულად გახსნა და დიდ დარბაზში ჩატარება.

“მოსამართლეს ჰქონდა სრულად იმის უფლება, რომ გაეხსნა წინა პროცესზე დახურული პროცესი და მისცემოდა საშუალება დამსწრე პირებს დასწრებოდნენ პროცესს. მაგალითად, ონისე ცხადაძის მშობლები დასავლეთიდან იყვნენ ჩამოსულები და არა მარტო ონისეს მშობლები, სხვა ადვოკატებმაც გააჟღერეს, მშობლები, დედმამიშვილები არიან რეგიონებიდან ჩამოსულები და ყოველდღიურად ყოველ პროცესზე ელოდებიან საკუთარი შვილების, ძმების ნახვას”, – აცხადებს ონისე ცხადაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button