მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს

6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთში გადასცა საქართველოს სამართალდამცველებს. გათავისუფლების შემდეგ ლევან დოთიაშვილმა მედიასთან დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა. „ცუდად ვარ და ხვალ გაგესაუბრებით”, – უთხრა მან ჟურნალისტებს. დოთიაშვილს სახეზე დაზიანების კვალი აღენიშნება.

ამ საკითხზე ერგნეთში ილაპარაკა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ლევან დათიაშვილს დაკავების დროს საოკუპაციო ძალებმა სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. ამის შესახებ მან დოთიაშვილის გათავისუფლების შემდეგ ისაუბრა.

“რამდენი წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს […] მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში”, – თქვა მან.

ანთაძის განცხადებით, დოთიაშვილს მკვლელობის მოწმის სტატუსით გამოჰკითხავენ. როგორც ის ამბობს, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს და “გადაუმოწმებელი მონაცემებით და ინფორმაციით მანიპულირება დამაზიანებელია პროცესისთვის”. მედიის კითხვაზე, საოკუპაციო რეჟიმის რამდენმა წარმომადგენელმა გახსნა ცეცლხლი, ანთაძე ამბობს:

“ამ ეტაპზე დანარჩენ დეტალებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამ საკითხზე განცხადება აუცილებლად გაკეთდება”.

მისივე თქმით, დოთიაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია და ფიზიკური ძალადობა მხოლოდ დაკავების დროს იყოს.

თავად ლევან დოთიაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

“თავად დარწმუნდით რა მდგომარეობაში იმყოფება, იგი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში და სწორედ ამიტომ მოგახსენეთ, რომ ეს დეტალები, რაც არის საინტერესო და პირველ რიგში, რაც არის მნიშვნელოვანი, რათა მკვლელობის ყველა დეტალს მოეფინოს ნათელი, ამისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა იმ ჩვენებებს, რასაც მისცემს მკვლელობის საქმის მოწმე”, – აღნიშნა ანთიძემ.
“ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ამასთან ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 9 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ლევან დოთიაშვილი საღამოს გათავისუფლდებოდა.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვება ტაძართან მისვლისა და კარის გაღების შესახებ, თუმცა ვიდეოში არ არის თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი.

7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.

კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო აჭედილი. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ამტვრევს ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიან ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური. 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

თამაზ გინტურის ძმამ გივი (ნიკოლოზ) გინტურმა ჟურნალისტებს უთხრა რომ დაღუპულს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

მოკლული თამაზ გინტურის ძმა გივი (ნიკოლოზ) გინტური ამბობს, რომ იცის მკვლელების ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ “ცხელი ხაზის” მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button