კადიროვი შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, კეთილგანწყობას დაკარგავს

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა შეაქო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და თქვა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სამხედრო ოპერაციების “ბრძნულ ტაქტიკას” მისდევენ.
“ჩვენ წინ მივიწევთ ყველა გაგებით. მიუხედავად იმისა, რომ მე უკრაინაში სწრაფი ფორსირებული ქმედებების მომხრე ვარ, გენერალური შტაბის ამჟამინდელი ტაქტიკა არის ძალიან გააზრებული და ზომიერი”, – წერს კადიროვი ტელეგრამაში და აღნიშნავს, რომ „სიტუაცია როგორც ქვეყანაში, ასევე ჩვენი საბრძოლო ნაწილების რიგებში შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთესია. თავის ადგილზე ყველა საათის მექანიზმივით შეუფერხებლად და უნაკლოდ მუშაობს: ბიზნესმენები, ბანკის თანამშრომლები, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეები, მთავრობა, გენერალური შტაბის ოფიცრები, თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები 24 საათის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან “, – წერს კადიროვი და ამატებს: “ყველაფერი კარგადაა, მოქალაქეებო, არ ინერვიულოთ.”
მანამდე ჩეჩნეთის მეთაურმა, შოიგუს პირდაპირი მოხსენიების გარეშე, არაერთხელ გააკრიტიკა როგორც ომის ტაქტიკა, ასევე ცალკეული მეთაურები. ამავე დროს, მისი შეფასებები ხშირად ემთხვეოდა კერძო სამხედრო გაერთიანება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შეფასებებს.
პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქტიურ კრიტიკას განაგრძობს და მინისტრ შოიგუსაც ეხება. როცა პრიგოჟინი “ვაგნერისთვის” საბრძოლო მასალების ნაკლებობაზე ჩიოდა, დაახლოებით მსგავსი შინაარსის პოსტი კადიროვმა სოციალური ქსელით გამოაქვეყნა.
კადიროვის პოსტი ორშაბათს საღამოს გამოქვეყნდა, ამავე დღის დილით გამოჩნდა ცნობა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვის შეხვედრის შესახებ.
ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა შეხვედრა გამოიყენა ფრონტზე ჩეჩენი მებრძოლების როლის ხაზგასასმელად და პუტინისგან დადებითი შეფასების მიღებაც შეძლო. ამასთან ინსტიტუტის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჩეჩენი მებრძოლები „მინიმალურ როლს“ ასრულებენ წინა ხაზზე და ზურგში არიან აქტიურად წარმოდგენილი.
„ამიტომაც კადიროვს, შესაძლოა, პუტინის კეთილგანწყობის დაკარგვის ეშინოდა, ვინაიდან ვერ შეძლო დიდი წარმატებების ჩვენება“, – აღნიშნავს ომის შესწავლის ინსტიტუტი(ISW).
ამავე ორგანიზაციის ორშაბათის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბახმუტის მახლობლად „ვაგნერის“ პატიმრებსა და დაქირავებულებს შორის დანაკარგებმა შესაძლოა, ევგენი პრიგოჟინის მომხრეები დააფრთხოს. „პრიგოჟინის დაცემამ შესაძლოა, დააფრთხოს კრემლის სხვა ოფიციალური პირები, როგორიცაა კადიროვი და აიძულოს შეასუსტონ თავიანთი ამბიციები, რათა თავიდან აიცილონ პრიგოჟინის ბედი“, – ნათქვამია მოხსენებაში.
კადიროვი, რომელიც თავს „პუტინის ქვეითად“ წარმოაჩენდა, უკრაინაში ომის მთელი პერიოდის განმავლობაში პროგიჟინის მხარდაჭერას განაგრძობდა. მეტიც, თანამშრომლობდნენ მათი სტრუქტურებიც. ცნობილია, რომ ჩეჩნეთიდან წასული „მოხალისეები“ „ვაგნერში“ ხვდებიან.
თებერვალში ომის შესწავლის ინსტიტუტი ვარაუდობდა, რომ კადიროვი პრიგოჟინს მხარს არ დაუჭერდა თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირებაში. ეს დასკვნები ეყრდნობოდა კადიროვის განცხადებებს უწყებასთან „მშვენივრად დალაგებულ ურთიერთობებზე“.
ამასთან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობას დაკარგავს.
“რამზან კადიროვი აგრძელებს ძალისხმევას ჩეჩნეთის მნიშვნელობის შესანარჩუნებლად რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში. 13 მარტს, კადიროვი პუტინს შეხვდა, რათა ჩეჩნეთის 2022 წლის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევები განეხილათ. კადიროვმა შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩენი მებრძოლები ერთგულად ასრულებენ პუტინის ბრძანებებს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შეხვედრის დროს კადიროვი აშკარად ნერვიულობდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ მასზე დიდი ზეწოლა იყო, რათა ჩეჩნეთი, საკუთარი თავი და მისი ჯარები პუტინისთვის პოზიტიური და პროდუქტიული კუთხით წარედგინა.
“ჩეჩნური ქვედანაყოფები მინიმალურ როლს ასრულებენ უკრაინის ფრონტზე და ძირითადად ატარებენ შეტევით ოპერაციებს ბელოგოროვკას მახლობლად ლუჰანსკის რეგიონში. ამიტომ, კადიროვს შეიძლება ეშინოდეს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს, რადგან მას შეუძლია ჩეჩნების საბრძოლო მიღწევების კუთხით ცოტა რამ აჩვენოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ISW-ს თქმით, კადიროვს, სავარაუდოდ, შეხვედრის დროს იმედი ჰქონდა, რომ გააუმჯობესებდა და გააძლიერებდა საკუთარ რეპუტაციას. პუტინი, თავის მხრივ, შესაძლოა, იმედოვნებს, რომ კადიროვზე ზეწოლას მოახდენს, რათა გაზარდოს ჩეჩენი მებრძოლების როლი ბრძოლაში.