რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია-აქციას დედაქალაქში დაწყებული რამდენიმე მარში შეუერთდა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია. აქციას დედაქალაქში დაწყებული რამდენიმე მარში შეუერთდა. მათ შორის, კახა ბენდუქიძის კამპუსის, მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების, მიხა ხელაშვილის სახელობის, ფსიქოლოგების მარში, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეები. აქციას იპოდრომიდან „მუსიკალური აქცენტების“ მონაწილეები და „ფასების ზრდით უკმაყოფილოები“ შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის 59-ე დღესაც ითხოვენ ახალი არჩევნები დაინიშნოს და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ.
დემონსტრანტებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
გარდა ამისა პარლამენტის მიმართულებით რამდენიმე მარში მიმდინარეობს. „შეწყვიტე ძალადობა!“ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ „ფსიქოლოგები ხალხის სამსახურში“, „მოუსმინე ხალხის ხმას”, „ხალხი ითხოვს სამართალს”, – ამ ლოზუნგებით თსუ-ს პირველი კორპუსიდან ფსიქოლოგები მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან.
მომიტინგეები პერიოდულად სკანდირებენ: „შეწყდეს წამება”.
პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე „ფასებით უკმაყოფილოთა” მარშის მონაწილეები იკრიბებიან.
ამასთან, კიდევ ერთი მსვლელობაა კოსტავას გამზირზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გამართული აქციის შემდეგ, მარშის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან. „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, – ისმის შეძახილები.
პარლამენტთან უკვე მივიდნენ მიხა ხელაშვილის სახელობის მარშის მონაწილეები.
დღეს, დღის განმავლობაში, დედაქალაქში რამდენიმე მარში გაიმართა. მათ შორის, კახა ბენდუქიძის კამპუსის, მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების, მიხა ხელაშვილის სახელობის, ფსიქოლოგების მარში. ასევე, იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა – „მუსიკალური აქცენტები“.