რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა – საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია
გარკვეული ტრენდები, პროპაგანდისტული, სერიოზული და მზაკვრული გეგმები არსებობს, რომელმაც ამ აქციებში ახალგაზრდობა უნდა მოიზიდოს-ვოლსკი

უწყვეტი პროტესტის 138-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
პარალელურად, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და მარშით პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
მანამდე, დღეს მოქალაქეები 16:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, სადაც გიორგი გახარია “ქართული ოცნების” ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა.
შეგხსენეთ საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 138-ე დღეა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
გარკვეული ტრენდები, პროპაგანდისტული, სერიოზული და მზაკვრული გეგმები არსებობს, რომელმაც ამ აქციებში ახალგაზრდობა უნდა მოიზიდოს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მართალია, შედეგს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა ადამიანის ტვინში ვითარებასთან და რეალობასთან შეუსაბამო გარკვეული ტრენდები და ფორმულირებები ჩანერგეს.
„ყველამ იცის, რომ ანწუხელიძე გმირია. საქართველოს გმირები არ აკლია. მისი ისტორიის განმავლობაში გმირობა არაერთმა ჩაიდინა, მაგრამ თუ ადამიანი გმირია, ეს არანაირად არ ამართლებს ხელისუფლებას, ის ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ მისი სიცოცხლის შეწირვა აუცილებელი გახდეს. უბედურება მოხდა – ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. იმ ბიჭებმა თავი გაწირეს, რომელთა ცხედრების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე მიატოვეს. ადამიანები, რომლებმაც თავი გაწირეს და იომეს, მათ ომის დაწყებას აბრალებდნენ. რასაკვირველია, აბრალებდნენ, ამ ადამიანების ღვაწლი ქვეყნის წინაშე არანაირად არ არის დამცირებული.
პირიქით, უნდა დააფასო, ხელისგულზე ატარო და მათი სულებისთვის ილოცო, მაგრამ ეს იმდროინდელ ხელისუფლებას ვერანაირად ვერ ამართლებს თავის ქმედებებში, რომ ადამიანების სიცოცხლის შეწირვა გახდა აუცილებელი. ვაჟკაცნი არიან ის ქალებიც და მოხუცებიც, რომლებმაც საკუთარი სოფლები არ მიატოვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას რაიმე თავის სამართლებელი აქვს იმის გამო, რომ ისინი ამ ზონიდან არ გამოიყვანეს. პირიქით, ეუბნებოდნენ, რომ რუსეთის არმია საქართველოსკენ არ მოდის და ეს სეპარატისტების პროვოცირებაა. ეს ადამიანები თუ ვაჟკაცები არიან და თავისით არ მორბიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ისინი უნდა აიძულოს, რომ სიკვდილის წინაშე უნდა დადგნენ და შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდონ. არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა დაუშვას ღალატის ტოლფასი ქმედება იმის გამო, რომ ზუსტად იცის, საქართველოში არც გმირი გამოილევა და იმ ბიჭებს, ვინც თავი შესწირა ქვეყანას, თავისი ღირსება და ოჯახები გააჩნიათ. გმირული ქმედებისა და ლაჩრული კონსპირაციული გეგმების დაჯახება, რომელიც მთავრობამ ჩაიდინა, რასაკვირველია, აბსოლუტურად თვალთმაქცი და ყალბი პროპაგანდის შედეგია, რის გამოც ახალგაზრდების გარკვეულ რაოდენობას თავი მოუყარეს და კომისიის თავმჯდომარეს სახლში, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიუვარდნენ იმ ლოზუნგის ძახილით. პირიქით, ვინც ეს მათ დაავალა, იმას უნდა შესძახონ და უთხრან, რომ ესენი გმირები არიან და თქვენ დამნაშავეები ხართ. ადამიანებმა თავისი ქვეყნისთვის გმირობა ჩაიდინეს და სულ არ იცოდნენ, რა მზაკვრობით იყო ყველაფერი მოწყობილი. სამწუხაროა, რომ ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ შეიძლება გარკვეული მოსაზრებები და შეკითხვები არსებობდეს ამ ადამიანების გმირობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.