რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისმის შეძახილები – „გაუმარჯოს საქართველოს“, „გაუმარჯოს ერთიანობას“.
მანამდე კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
მარშის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები წარწერებით: “ჩართე სამართალი”, “თქვენ წაგვართვით, სამოქალაქო საზოგადოება დაიბრუნებს!”, “არ დავიღლებით”, “ სანამ თქვენ ოცნებობდით, ჩვენ ვაკეთებდით”.
ასევე, მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები.
როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.
მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.