“რუსთავი 2 არასდროს ყოფილა ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში”

”რუსთავი 2”-მა დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც, მათივე განცხადებით, მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ”რუსთავი 2” არასდროს ყოფილა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება.
ხელშეკრულების აუთენტურობას ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის უახლოეს პერიოდში ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
”ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა, ამ შემთხვევაში ”რუსთავი 2”-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ”, – განუცხადა ოქრუაშვილმა ”რუსთავი 2”-ს.
ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ იმ დოკუმენტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. კომენტარი ხალვაშმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ფაქტის დადასტურება შეაფასა. ხალვაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით წერს, რომ „ყოფილი ნაცი“ არ არსებობს. ის ოქრუაშვილს აფრთხილებს „უსახლკაროდ არ დარჩეს“.