მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთისთვის პოლონეთის შვედეთისა და ფინეთის მხრიდან საფრთხეები გაიზარდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ოთხშაბათს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე პოლონეთს „აშშ-ის ანტირუსული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი“ უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ბოლო ხანებში რუსეთისთვის დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით „მრავალჯერ გაიზარდა“ საფრთხეები. ამის მიზეზად მან დაასახელა „პოლონეთის მილიტარიზაცია“ და ფინეთისა და პერსპექტივაში შვედეთის ნატოში შესვლა.

როგორც შოიგუმ თქვა, „რუსეთისთვის რისკს“ შეიცავს პოლონეთის მიერ იარაღის ფართომასშტაბიანი შესყიდვები შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სამხრეთ კორეიდან. მან ნატოში ფინეთის შესვლას „დესტაბილიზაციის ფაქტორი“ უწოდა და ივარაუდა, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება განლაგდეს „შემტევი იარაღი“, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე დიდ სიღრმეზე დარტყმა. შოიგუს თქმით, „მიმდინარეობს მუშაობა ზომებზე დასავლეთის ქვეყნებიდან საფრთხის გასანეიტრალებლად“.

ფინეთმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანებულიყო შარშან უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო შვედეთმა, რომლის განაცხადი ნატოს 31 ქვეყნიდან ორს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია. პოლონეთმაც გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების გაძლიერება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. სხვა ზომებიც იქნა მიღებული ნატოს ე.წ. აღმოსავლეთ ფლანგის გასამაგრებლად.

ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეჭრის ერთ-ერთ მიზნად დაასახელა ის საფრთხეები, რომლებსაც რუსეთისთვის თითქოს შეიცავდა ნატოს გაფართოება. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს მოსკოვი შეჭრის შესახებ და განაცხადეს, რომ პასუხი იქნებოდა ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

შოიგუს თქმით, ცოტა ხნის წინ ვარშავამ “კონტინენტზე ყველაზე ძლიერი არმიის” შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button