რუსთავი2-ის მტკიცებით გვამის კადრები რომელიც გაავრცელა ჩატაევს ეკუთვნის

ტელეკომპანია რუსთავი2-ის თქმით, ექსკლუზიური ფოტო მოიპოვა, სადაც ტელეკომპანიის მტკიცებით, ლიკვიდირებული ტერორიზმში ბრალდებული აჰმედ ჩატაევია ასახული.

ფოტოზე ჩანს მისი ფეხის პროტეზიც. გარდა აღნიშნული ფოტომასალისა, „კურიერმა“ ექსკლუზიური ვიდეომასალაც მოიპოვა, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ტერორიზმში ერთ-ერთი ბრალდებულის ლიკვიდაციაა ასახული.

ტელეკომპანიამ ეს კადრები “9 საათიან კურიერში” ღია ეთერში გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ ნაქირავები ბინის სადარბაზოდან თავდამსხმელი ავტომატით ხელში გამორბის და ისვრის. ის სპეცრაზმის ალყაშია მოქცეული. მისი სამიზნე იმ მომენტში კორპუსის წინ მდგარი პოლიციის ჯავშანმანქანაა. რამდენიმე წამში ის ძირს ეცემა. სავარაუდოდ მას სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვია ხვდება.  თავდამსხმელის ლიკვიდაციიდან რამდენიმე წამში, მას ხელყუმბარა უფეთქდება.

ვიდეო-მასალიდან ირკვევა, რომ სროლა ორმხრივი და ინტენსიური იყო. ჩანაწერი, რომელიც სპეცოპერაციის მთავარ ნაწილს ასახავს 11-წუთიანია.

ტელეკომპანიის თქმით, ვიდეომასალა „კურიერს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა. მისი ინფორმაციით ის  მთელი სპეცოპერაციის უშუალო თვითმხილველია. წყარო ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ლიკვიდაციიდან მალევე სახლში დარჩენილმა ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა თავი აიფეთქეს. მისივე ცნობით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტალღამ ერთ-ერთი გარეთ გადააგდო.

„კურიერის“ სანდო წყაროს ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევი დაცვის წევრებთან ერთად ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ შემოვიდა. მას შემდეგ რაც სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ცალხელა ახმედს დააკისრეს. ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე ინფორმირებული იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათთვის ცნობილი იყო იმ ბინის არსებობის შესახებ რომელიც ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თბილისის ბერი სალოსის ქუჩაზე ჰქონდათ ნაქირავები.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციამდე თბილისში იმყოფებოდნენ ახმედ ჩატაევის მეუღლე და შვილი. ისინი სახლიდან სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიყვანეს.

ნახეთ კურიერის მასალა 

აჰმედ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში ლაფანყურის სპეცოპერაციისას 2012 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. მალევე პროკურატურამ მას ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენა ბრალი. ახმედ ჩატაევი დაკავებიდან სამი თვის თავზე, პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

აჰმედ ჩატაევის სასამართლო განხილვები დაემთხვა 2012 წლის საყოველთაო ამნისტიას, რომელიც ასევე ეხებოდა აჰმედ ჩატაევის საქმეს, თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ და ბრალდებულმა არ გამოიყენა ამნისტია, რადგან ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აჰმედ ჩატაევის წინააღმდეგ არ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

2016 წელს სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად, თურქული მედია აჰმედ ჩატაევს ასახელებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button