“რუსთავი2-ის პროცესის მონიტორინგს არ განვახორციელებთ”
პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსთავი 2″‘-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგს არ განახორციელებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის თხოვნაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ასეთი ნაბიჯი სასამართლოზე ზეწოლად იქნება აღქმული.
“ცხადია, ჩვენი წარმომადგენელი – ვერც მე და ვერც სხვა სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.
დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აღქმული სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად. შესაბამისად, ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გადადგმული. ამ კუთხით მონიტორინგს ჩვენ ვერ განვახორციელებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს საქმე არის უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი და ჩვენ მას თვალყურს მივადევნებთ”, – განაცხადა კოჟორიძემ.
რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ პრეზიდენტმა მას დახმარება აღუთქვა, კოჟორიძის თქმით, ერთადერთი დახმარება, რომელსაც ბიზნესმენს ქვეყნის პირველი პირი დაპირდა ”მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაა.
“მე არ ვიცი რას გულისხმობდა ბატონი ქიბარი. ერთადერთი, რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან ყველანარიად შეეცდება შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. და ვფიქრობ, პრეზიდენტმა უკვე შეძლო ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა. თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ და ხუთი დღის წინანდელ ვითარებას, აშკარად დავინახავთ, რომ დღეს ბევრად მშვიდია სიტუაცია და ბევრად უკეთეს პირობებში შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება”, – განმარტა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხვდა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე აცხადებს პრეტენზიას. შეხვედრა ხალვაშის ინიციატივით შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტს სასამართლო პროცესების მონიტორინგი და ამ მიზნით სხდომებზე მისი წარმომადგენლის დასწრება სთხოვა.