მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული აგრესიის 878-ე დღე-უკრაინაში ომი გრძელდება

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსული აგრესიის 878-ე დღეს სუმის ოლქში, კონოტოპის რაიონში, 20 ივლისის ღამეს, რუსეთის თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ და ზარალის ხარისხს იკვლევენ. რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მანამდე, ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე, უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგო პროვაიდერმა DTEK-მა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად გამოწვეული ენერგომომარაგების შემცირების გამო, უკრაინელებს ელექტროენერგია მხოლოდ 6-7 საათის განმავლობაში ექნებათ, მომავალ ზამთარს. იმ შემთხვევაში კი თუ ისინი ვერ შეძლებენ დაზიანებული სადგურების აღდგენას ელექტროენერგია შეიძლება ზოგიერთს დღე-ღამეში 20 საათითაც შეუწყდეს.

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა განაცხადა.
სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ რაკეტა “ჩვეულებრივი სახლის მახლობლად მდებარე სათამაშო მოედანს” მოხვდა. ზელენსკის თქმით, დაღუპულების გარდა არიან დაშავებულებიც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა სამი საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი. დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევენ, მოქმედებს ოპერატიული შტაბი. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ ნიკოლაევზე დარტყმა X-59 რაკეტით განახორციელა.
რუსეთს მორიგ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთმა გააგრძელა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავისი იერიშები და 20 ივლისს თავს დაესხა ობიექტებს მთელ უკრაინაში.
ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა, ოლეგ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ისკანდერის ტიპის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი პირი დაიღუპა და სამი დაშავდა
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 17 დრონიდან 13 უკრაინის ხუთ ოლქში. სუმის და ჩერნიგოვის ოლქებიდან იტყობინებიან, რომ რუსეთის „შაჰედის“, ტიპის დრონებმა დააზიანეს ენერგეტიკული ობიექტები ჩრდილოეთის რეგიონებში.
უკრენერგოს თანახმად, თავდასხმა იყო ასევე პოლტავის ოლქში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე.
სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ცნობით, დარტყმების შედეგად დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ პოლტავისა და ჩერნიგოვის ოლქების საწარმოებსა და კერძო მომხმარებლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button