„ქართული ოცნება“ ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს, ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა-კობახიძე
"დღეს "ქართულ ოცნებას" მოქალაქეების 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს ოცნება ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით დაამარცხებს

ოქტომბერში გველოდება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმიც “ენჯეოებისა” და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით.
“დღეს “ქართულ ოცნებას” მოქალაქეების 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ “ქართული ოცნება” რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით დაამარცხებს და ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს. ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
მეამაყება, რომ ვარ ქართველი. მეამაყება, რომ ვარ ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი. საქართველო აუცილებლად ივლის წინ, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ. და რაც მთავარია, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ჩვენი უმთავრესი ოცნების ახდენისკენ – საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისკენ.
წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის მფარველი! უღრმესი მადლობა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, ეკონომიკის სწრაფი ზრდა, გზების, აეროპორტების, პორტების, ელექტროსადგურების, სტადიონების მშენებლობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება.
„საქართველოს სჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება. ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა თითოეულ ჩვენგანს ქვეყნისთვის თავდადების, ჰუმანურობის, პრაგმატულობის და მოთმინების მაგალითი. მან მოგვცა უანგარო პატრიოტობისა და ეროვნული საქმის კეთების მაგალითი. მოგვცა მაგალითი იმისა, როგორ უნდა გაიღო მაქსიმუმი შენი ქვეყნის იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვის, შენარჩუნებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს ერთგულება, ეროვნული საქმე არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრის მოსურნე ადამიანები. მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. მადლობა მას იმისათვის, რომ სწორედ მშვიდობითა და ეკონომიკური წინსვლით გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ერმა არაერთი რთული პერიოდი გამოვიარეთ. გავიარეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული მჩაგვრელი რეჟიმის ურთულესი პერიოდები. დღეს, მსოფლიოში დრამატული მოვლენები ვითარდება, მიმდინარეობს ომები ახლო რეგიონში, თავად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
ქართველებმა კარგად ვიცით ომის ფასი და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. ბოლო წლებში ამ ურთულეს დროში არაერთი პროვოკაციის, დესტაბილიზაციის და რევოლუციების მცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა. პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ დიდი ილია ჭავჭავაძის შეგონების ერთგულნი ვართ და მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების და გლობალური საფრთხეების ეპოქაში ვიმყოფებით.
„აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და ხვალინდელი სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. ამ ვითარებაში უნიკალური ქართული გამოცდილების არსი სწორედ ის არის, რომ ჯერ, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალების, მტრული აქტორების მეშვეობით ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ფსევდოლიბერალური ღირებულებები, ისინი ებრძვიან ჩვენს ტრადიციულ, ქართულ, ოჯახურ ღირებულებებს, ქართველი ხალხის მჩაგვრელი კრიმინალების დაბრუნებას ცდილობენ ხელისუფლებაში.
მინდა, ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით მთავარი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს მთავარ ქრისტიანულ ღირებულებებს. მთავარ ფასეულობებს ეფუძნება ჩვენი ქვეყნის ისტორია და ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას და აერთიანებდა ჩვენს ძლიერ ერს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, პატარა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მყოფი გადაურჩა აი ამ რთულ გამოწვევებს. იმ ქარტეხილებს, რომლებსაც არაერთი დიდი თუ ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.