მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული არმია კვლავ ბომბავს კიევს

რუსეთის არმიის მიერ პარასკევს დილით განხორციელებული იერიშის შედეგად ქალაქ ხერსონში დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი, ქალაქსა და მის შემოგარენში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
“23 დეკემბერს დილით, რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ხერსონის მორიგი დაბომბვის შედეგად, ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა”, – განაცხადა ხერსონის საოლქო პროკურატურამ.

უკრაინული მხარის წინასწარი ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიდან გაშვებული რაკეტებით დაბომბა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგ იერიშს უკვე მისცა სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ.

„ადგილზე მუშაობენ პროკურორები, გამომძიებლები და ექსპერტები, რათა სათანადოდ გამოიძიონ სამხედრო დანაშაული. ქალაქის დაბომბვა არ ნელდება“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მიერ წინა დღითა განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი. საერთო ჯამში ხერსონის ოლქის ტერიტორია 61-ჯერ დაიბომბა, საკუთრივ ქალაქ ხერსონზე კი მოწინააღმდეგემ ბოლო ორი დღის განმავლობაში 30-ჯერ მიიტანა იერიში.

მარიუპოლის საოკუპაციო ხელისუფლება დრამატული თეატრის შენობას ანგრევს, ამის შესახებ ცნობა მარიუპოლის ლეგიტიმური მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ ტელეგრამის არხით გაავრცელა.

„მარიუპოლში დამპყრობლებმა დრამატული თეატრის ნახევარი პირწმინდად დაანგრიეს. ასე რომ, ორ დღეში მისგან ფიზიკური მეხსიერებაც აღარ იარსებებს“, – წერს ანდრიუშჩენკო. რუსეთის ჯარებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი 2022 წლის 16 მარტს დაბომბეს. ძლიერი აფეთქების შედეგად შენობის სახურავი და ძირითადი კედლების უმრავლესობა ჩამოინგრა. რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა თეატრში და მის მახლობლად. მარიუპოლის საკრებულოს მტკიცებით, თეატრის დაბომბვის შედეგად თითქმის 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მანამდე პრორუსულმა ხელისუფლებამ განადგურებული თეატრის შენობა დაფარა ბანერებით, რომლებზეც რუსი მწერლების ფოტოები იყო გამოსახული.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი თავის ანგარიშში ამტკიცებს, რომ, სავარაუდოდ, შენობას დაეცა ორი 500-კილოგრამიანი საავიაციო ბომბი, რომლებიც ერთდროულად აფეთქდა. გამოძიების ავტორებმა ასევე დაასკვნეს, რომ თეატრზე თავდასხმა, სავარაუდოდ, განახორციელეს რუსულმა Су-25, Су-30 ან Су-34 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა, რომლებიც ახლომდებარე რუსულ აეროდრომებზე არიან განლაგებულნი.
ცნობისთვის, ქალაქი მელიტოპოლი ომის დასაწყისში რუსი ოკუპანტების მიერ იყო ოკუპირებული, დღეს კი მას უკრაინა აკონტროლებს.

22 დეკემბერს დონეცკის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკომ ავრცელებს.

“22 დეკემბერს რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ჩასოვოი იარში და 2 ბახმუტში. რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა”, – დაწერა მან Telegram-ზე.

უკრაინის მხარე ამბობს, რომ 23 დეკემბრის მდგომარეობით, დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა მოკლეს მინიმუმ 1 279 და დაჭრეს სულ მცირე 2 780 მშვიდობიანი მოქალაქე.

ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ არ არის შესაძლებელი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button