რუსული ავიაკომპანია აზიმუტი მოსკოვიდან ბათუმისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რამდენიმე მრავალჯერად ჩარტერულ რეისს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, “აზიმუტი” 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით მინვოდი-თბილისი-მინვოდის მიმართულებით კვირაში ერთ რეისს განახორციელებს ასევე რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ 9 ოქტომბრიდან მოსკოვიდან (ვნუკოვო) ბათუმის მიმართულებით, 11 ოქტომბრიდან კი სოჭი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ რუსული ავიაკომპანიის ვებსაიტი იტყობინება.
“აზიმუტის” ინფორმაციით, ფრენები შემდეგი გრაფიკით განხორციელდება:
სოჭი-თბილისი-სოჭი
ოთხშაბათს სოჭიდან ფრენა შესრულდება 09:55 საათზე, თბილისიდან კი – 13:00 საათზე;
შაბათს სოჭიდან ფრენა შესრულდება 14:30 საათზე, თბილისიდან კი – 17:35 საათზე.
მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი
ორშაბათს და ხუთშაბათს ფრენა მოსკოვიდან იქნება 13:45 საათზე, ბათუმიდან კი – 19:25 საათზე.
ამჟამად „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ახალ მარშრუტებზე ფრენის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს ავიაციის სააგენტოს ჯერ არ განუცხადებია.
რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის ფრენებს „აზიმუტის“ გარდა, ახორციელებს Georgian Airways-ი (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings-ი (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი).
ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, 29 ოქტომბრიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟუკოვსკიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ხუთჯერ შეასრულებს რეგულარულ რეისებს.
განცხადების მიხედვით, ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებსაც განაგრძობს, Red Wings-ი კი – მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით.
“საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
22 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ევროკავშირის შავ სიაში შეყვანილი ავიაკომპანია „Россия-ს” საქართველოში ფრენების შესახებ.
ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (“როსავიაცია”) რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებათ.
ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს.
შეგახსენებთ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა – გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
აზიმუტმა საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო – თავდაპირველად, კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია აზიმუტი უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.
სანქცირებულთა სიაში არის კომპანიის სამივე დამფუძნებელიც – ვიტალი ვანცევი, პაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.