მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული და უკრაინული დელეგაციები ბელარუსის საზღვარზე ისტორიული შეხვედრისთვის ემზადებიან

რუსული და უკრაინული დელეგაციები ბელარუსის საზღვარზე ამ წუთებში ისტორიული შეხვედრისთვის ემზადებიან
28 თებერვალი – ომის მეხუთე დღე.

უკვე 100 საათია, უკრაინა რუსულ სამხედრო ინტერვენციას უპირისპირდება.
დასრულდება თუ არა ომი მოლაპარაკებების გზით – რუსული და უკრაინული დელეგაციები ბელარუსის საზღვარზე ამ წუთებში ისტორიული შეხვედრისთვის ემზადებიან.

ინფორმაციას ავრცელებს როგორც უკრაინული, ისე რუსული მედია. პარალელურად განგაშის სიგნალია კიევში. ხარკოვში კი ისევ აფეთქებების ხმა ისმის. ვრცელდება ინფორმაცია ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით მოიერიშე თვითმფრინავების გაფრენის შესახებაც.

რაც შეეხება დანაკარგს უკრაინისთვის, ბოლო მონაცემებით ომმა უკვე 14 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას ამ დრომდე სულ მცირე, 352 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

დაშავდა 1 684 ადამიანი, მათგან 116 ბავშვი. ეს ციფრები ყოველ წუთს იზრდება, რადგან უკრაინა ამ წუთებშიც იბომბება და გრძელდება შეტაკებები სხვადასხვა წერტილში.

“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის, ვოლნო-ვახადან რუსული ჯარები განდევნეს რომლებიც დასახლების ოკუპაციას ცდილობდნენ.
მარიუპოლი აგრძელებს ხაზის შენარჩუნებას, ხოლო, ზაპოროჟიეს ოლქის ბერდიანსკი რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა.
ბერდიანსკი ოკუპირებულია, იქ უკრაინული ჯარები აღარ არიან. მოვუწოდებ რუსეთისა და ბელორუსის არმიის ჯარისკაცებს, არ შეასრულონ კრიმინალური ბრძანებები, დადონ იარაღი და ჩაბარდნენ.
პუტინი და ლუკაშენკო თავიანთ ჯარისკაცებს ქვემეხის საკვებად იყენებენ. ჩვენ არ მივიჩნევთ დანებებას სამარცხვინოდ – პირიქით, ამით თქვენ აკეთებთ გაბედულ პირად არჩევანს, უარს ამბობთ იყოთ მარიონეტები დიქტატორების ხელში. თუ თქვენ თანახმა იქნებით დადოთ იარაღი, თითოეული ჯარისკაცს უსაფრთხოების გარანტიები ექნება,” – აცხადებს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტო-ვიჩი

ამასთან რუსეთის არმიის დანაკარგებმა 24-დან 28 თებერვლის ჩათვლით 06:00 საათისთვის შეადგინა 5 300 ადამიანი, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.

გუშინ, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად ისაუბრა დანაკარგებზე სამხედროებს შორის, თუმცა არავითარი კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button