მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული დარტყმების შედეგად, კიევის რეგიონის ყველაზე დიდი თბოელექტროსადგური განადგურდა

რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად მთლიანად განადგურდა კიევის მახლობლად მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური. ამის შესახებ „Centrenergo“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა თანამშრომელი, რომელიც დაბომბვის დროს ადგილზე იმყოფებოდა, ცოცხალია.
მისი თქმით, დარტყმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ტურბინის განყოფილებაში. ტრიპოლის თბოელექტროსადგური იყო კიევის, ჩერკსისა და ჟიტომირის ოლქებში ელექტროენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი.
„ნგრევის მასშტაბები საშინელია. ფინანსურად ეს ვერ შეფასდება. ეს საწარმოს ისტორიაში ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, გავუმკლავდებით“, – განაცხადა „ცენტრენრგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეm, ანდრეი გოტამ.
გოტას თქმით, დარტყმებმა ძლიერი ხანძარიც გამოიწვია, რომელსაც ახლა სახანძრო სამსახურები აქრობენ.
როგორც სააგენტო Interfax-Ukraine იტყობინება, Centrenergo-მ დაკარგა ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 100%.
11 აპრილს ღამით რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა უკრაინის რამდენიმე ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დაიბომბა ენერგოობიექტები ოდესის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში.

11 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ნიკოლაევზე, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ ნიკოლაევის სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. დაჭრილთა შორის იყო ერთი მცირეწლოვანი გოგონაც, რომელსაც ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობის ცნობით, სარაკეტო დარტყმა ნიკოლაევის კერძო სექტორზე განხორციელდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები.
რუსეთის მხარეს ნიკოლაევზე თავდასხმის შესახებ კომენტარები არ გაუკეთებია.
დღესვე რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი კომბინირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ხარკოვის და ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სულ მცირე 10 დარტყმა იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
აფეთქებები იყო კიევის, ლვოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
გამოცემა Financial Times-ი 9 აპრილს წერდა, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევის ტაქტიკა და ელექტროქვესადგურებს მაღალი სიზუსტის რაკეტებით ურტყამს ნაკლებად დაცულ რაიონებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button