მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში

რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებისა შეუწყვიტოს გაზის მიწოდება იმ ქვეყნებს, ვინც მის საფასურს რუბლში არ გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, პუტინის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საპასუხო რეაქციაა კრემლის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სანაცვლოდ.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს რუსეთის ენერგოკონცერნების, „გაზპრომის“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების შესაძლო კონფისკაციას ან ნაციონალიზაციას იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდება.

ამის თაობაზე იტყობინება გერმანიის საქმიანი გაზეთი Handelsblatt-ი, რომელიც სამთავრობო წრეების ინფორმაციას ეყრდნობა. ჟურნალისტების თანახმად, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ინფორმირებულია ამგვარი განზრახვის შესახებ.

Handelsblatt-ის თანახმად, ორივე რუსული კომპანია შეუცვლელია გერმანულ ბაზარზე. Gazprom Germania გერმანიის გაზის მსხვილი საცავების ოპერატორი, ხოლო Rosneft Deutschland-ი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ოპერატორია და თამაშობს საკვანძო როლს ბენზინის, დიზელის საწვავის და ნავთის ბაზარზე. Rosneft Deutschland-ი ამასთან, ემსახურება ბერლინის აეროპორტში დაფრენებს და აფრენებს და ამარაგებს საწვავით ქალაქის ოპერატიულ სამსახურებს, წერს გაზეთი.

Bloomberg-ის წყაროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბრიტანეთის მთავრობას „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაციის გეგმა ჰქონდა. სააგენტოს თანახმად, საწარმოში აპირებდნენ მართვის „საგანგებო რეჟიმის შემოღებას.“ თუმცა, კომპანია ამას უარყოფდა.

ამასთან სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის – დღემდე და უწყვეტად, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.

მისი თქმით, სამართლიანი არ არის, როცა საყვედურს საქართველოს ეუბნებიან, თავად კი ყველა სიფრთხილით იქცევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ნიშნებისგან დაცლილია, რადგან ასეთი განწყობა არ მაქვს, გარკვეული ლოგიკური კითხვები ელჩის გაწვევაზე როგორც საქართველოში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასევე უკრაინაშიც, მოსახლეობაში ისმის. მაგალითად, რატომ გახდა მაინც და მაინც საყვედურების ადრესატი საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ შეიძლება უკრაინას სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს. სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის – დღემდე და უწყვეტად. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს, მაგრამ როცა საქართველოს საყვედურს ეუბნებიან და სიფრთხილის გამოუჩენლობას სთხოვენ, თავად ყველა სიფრთხილით იქცევა, ეს სამართლიანი არ არის,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზად სანქციები და სამხედრო დახმარება დასახელდა, თუმცა, ამაზე მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის და ხელისუფლების პოზიცია ცნობილია.

„საქართველო სამხედრო თვალსაზრისით საომარ მოქმედებებში ჩართვას და მეორე ფრონტების გახსნას გონივრულად არ მიიჩნევს. ასევე, საუბედუროდ, საქართველოს სპეციფიკიდან, მასშტაბებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე არავითარი ისეთი ეკონომიკური მექანიზმი არ გვაქვს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ზემოქმედება საიმისოდ, რომ რუსეთს უფრო მეტად განეცადა ეკონომიკური ზიანი, ვიდრე ეს იქნებოდა ზიანის მომტანი საქართველოსთვის. შეიძლება, უკრაინის ხელისუფლებაში მართლაც ვინმეს მოლოდინი ჰქონდეს, რომ საქართველო რაიმე ფორმით ვალდებულია, მეორე ფრონტი გახსნას. ამაზე ზოგი ღიად საუბრობს, ზოგი – არა,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, „არამეგობრულ ქვეყნებისთვის“ გაზზე კონტრაქტების საფასურის გადახდის ახალი წესები შემოიღეს. ამ ქვეყნებს ევალებათ მიწოდებული პროდუქტის საფასურის რუბლით გადახდა.

დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის რუსული გაზის ყველაზე დიდმა იმპორტიორმა გერმანიამ უარი თქვეს საფასურის რუბლში გადახდაზე, როგორც ამას მოსკოვი მოითხოვს მათი განმარტებით, ეს კონტრაქტის დარღვევაა, რომლითაც ღირსებულების გადახდა ევროში არის განსაზღვრული. კრემლი თავის მხრივ იმუქრება, რომ სხვაგვარად გაზს არ გაყიდის.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button