რუსული „ისკანდერები“ ჯავაში გამოჩნდა – VOA
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად დაადასტურა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ უახლესი მოდიფიკაცია – „ისკანდერ – მ“ განათავსა.
ამ ბალისტიკურრაკეტას, რომელზეც ბირთვული ქობინის დამაგრებაც შეიძლება, ზებგერითი სიჩქარით, ნებისმიერი სამიზნის განადგურება, 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ანუ, საქართველოს მთელ ტერიტორიას რომ თავი დავანებოთ, რუს ოკუპანტებს, ცხინვალის რეგიონიდან, საჭიროების შემთხვევაში, ნატოს წევრი თურქეთის -შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილის დაბომბვაც შეეძლებათ.
რუსი სამხედრო ექსპერტების ცნობით, „ისკანდერ მ“-ის სისტემა ჯავის რაიონის სოფელ რაროს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, თუმცა, ვინაიდან, კომპლექსის გამოყენება, შესაძლებელია, როგორც სტაციონარულ, ისე მოძრავ მდგომარეობაში, მათ ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გასროლა.
მოსკოვმა ბოლო ერთი წლის მანძილზე, ყველა სამხედრო ოლქში, მათ შორის სამხრეთში, თანამედროვე „ისკანდერ მ“-ის სისტემებით, მოძველებული „ტოჩკა უ“-ს სარაკეტო სისტემები ჩაანაცვლა, რომლის მოქმედების რადიუსი მხოლოდ 120 კილომეტრია. სამხრეთის სამხედრო ოლქში შედიან, როგორც სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ყირიმში, განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებიც.