მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,რუსული კანონის,, შედეგი-ბრიუსელმა ოცნებას წითელი შუქი აუნთო-EU-ში საქართველოს გაწევრიანება შეჩერებულია

პროცესი შეჩერებულია. ბრიუსელმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლებას წითელი შუქი აუნთო. ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უვადოდ გადაიდო. ბრიუსელი, შეერთებული შტატების შემდეგ, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს არის პასუხი კრემლის ოლიგარქის დაქვემდებარებაში მყოფი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯებზე.

სწორედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ მოიტანა დღევანდელი შედეგი – განმარტავს ევროკავშირის ელჩი. რუსული კანონის მიღება და ანტიდასავლური კამპანია არის მთავარი მიზეზები, რომლის გამოც შეერთებული შტატებიც და ევროპაც აჩერებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ურთიერთობას საქართველოსთან, რაც ქვეყანას უკიდურესად აზიანებს.
ცნობისთვის თბილისში დღეს გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”.

ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელმაც მანამდე მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, ახლა კი შედეგების დროა.

ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, გარდა ამისა, გაჩერებულია გაწევრიანების პროცესი.

“სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) – 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.

დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო”, – ამბობს ელჩი ჰერჩინსკი.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია. ელჩის თქმითვე, ევროკავშირი ფინანსურ დახმარება, რომელსაც მთავრობას უწევდნენ, ახლა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ წავა.

“სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ვხედავთ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ჩვენი ფასეულობების შესახებ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს: თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კურსს, ქვეყანა ვერ წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე. ეს ძალიან მძლავრი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და განიხილეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირს. ისინი შეთანხმდნენ სტრატეგიულ საკითხებზე, ასევე ახალი ინსტიტუციური ლიდერების თაობაზე, რომლებიც ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, გარდა ამისა, მათ გაიმეორეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერონ. ეს მართლაც გულსატკენია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არჩევანი არ ჰქონდათ, თვეების განმავლობაში ჩვენ ვაგზავნიდით მკაფიო სიგნალს, რომ თუ კანონი მიღებული იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები. კანონი მიღებულ იქნა და დადგა შედეგების დრო. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეცვალონ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევდით საქართველოს ყველა მთავრობას და ახლა ეს დახმარება წავიდეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ. როგორც იცით, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობებისადმი ყოველთვის იყო ათჯერ მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ამ ცვლილების პირველი მსხვერპლი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, რადგან მე ყოველთვის ვცდილობდი და ვმუშაობდი იმ მიმართულებით, რომ საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი ყოფილიყო. ყველაზე საწყენი ის არის, რომ ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი ის შეჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება შემდგომი ნაბიჯებიც. ჩვენ არ გვინდა, რომ ვავნოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვინდა, რომ ვავნოთ ქართველ ხალხს და ჩვენი ბევრი პროგრამა მიმართულია ყველაზე დაუცველი ჯგუფებისკენ”, – თქვა ჰერჩინსკიმ.
ამასთან ევროკავშირი ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა.

„როგორც ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, ამჟამინდელი მოქმედებების კურსი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს. თუმცა, თუ ეს კურსი შეიცვლება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერ კანდიდატებს შორის კვლავ შეიძლება იყოს. ეს შეიძლება ჯერ კიდევ მოხდეს. საქართველოს ძლიერი საჯარო მმართველობა აქვს, საქართველოს ჰყავს მოსახლეობა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ეს ის უპირატესობებია, რომლებიც ბევრ კანდიდატ ქვეყანას შეშურდება და ფუჭად არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ დრო გადის. ევროკავშირის გაფართოება შექმნილია, როგორც ტრანსფორმაციული პროცესი, რომელიც აძლიერებს უსაფრთხოებას, სამართლიანობას, დემოკრატიას და ამავდროულად ევროპელების ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. საქართველოსა და ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას გულწრფელად ვუსურვებ, ამ გზაზე წინ რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ. უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერ და წარმატებულ ევროპას ნიშნავს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კონფერენციის გახსნისას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მიმართ ევროკავშირი მხარდაჭერას გაზრდის.

„ვხედავ, რომ დღევანდელ კონფერენციაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მრავალი წარმომადგენელი მონაწილეობს. ყველა თქვენგანი დემოკრატიის დაცვისა და თქვენი ქვეყნების ევროპულ გზაზე წინსვლის საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მსურს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ ღრმა მადლიერება კიდევ ერთხელ გამოვხატო. ზოგიერთი მათგანი დაშინებისა და შევიწროების გახშირებული აქტების მსხვერპლი პირადად გახდა. როგორც გასულ კვირას უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მიმართ მხარდაჭერას გაზრდის და ჩვენ ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button