მნიშვნელოვანისიახლეები

რუსული კანონის თანახმად ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს

თუმცა ქართული ოცნების მტკიცებით კანონი ფიზიკურ პირებს არ უნდა შეხებოდა

“რუსულ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მორიგ ტყუილში ამხელს.
აღნიშნული შესწორება კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის გაჩნდა. აქამდე ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ რუსული კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა.

რუსულ კანონზე ხელისუფლების უდიდესი ტყუილი გემახსოვრებათ – კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებაო. სინამდვილეში, ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება.
როგორც საბა ბრაჭველი აღნიშნავს, ფიზიკური პირი შეიძლება მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის არმიწოდებისთვის დაჯარიმდეს.

მესამე მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით:

იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც;
იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის;
ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს უკვე ჩაწერილ 25, 10 და 20 ათასლარიან ჯარიმებს;
ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას.
ერთი სიტყვით, ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება.

ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა – ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს – ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია.

ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. მთავრობა თუ საავადმყოფოებს ხურავს, ცხადია, რომ ეს მხოლოდ ექიმებს და ექთნებს კი არა, ყველა პაციენტს შეეხება.

თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.

ქვემოთ დავდებ კანონის ლინკსაც და შეგიძლიათ თავადაც გადაიკითხოთ. სანამ ღალატსა და ორგიებში გამოჭერილი ჩინოსნები გარეთ ვითომ-მეოჯახეობანას თამაშობენ, უნდა იცოდეთ, კანონის სახელით, დაუფარავად, რამხელა ვერაგობას გიმზადებენ თქვენ, თითოეულ მოქალაქეს.
#კიევროპას
#არარუსულკანონს, – წერს ბრაჭველი.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button