რუსული კიბერომის საფრთხე – პოლიტიკური შეფასებები
“ჩვენს ოპონენტებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და ქვეყანა სკანდალში გაეხვეს”. – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს“.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ბრიტანელი კოლეგები საქართველოს აქტიურად ეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. ამიტომ, მისი ვარაუდით, გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
„ამ შემთხვევაში, ეს ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან არის. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და საქართველო სკანდალში გაეხვეს. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან და ისინი ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს არ გამოეპარებოდათ. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. ჩვენს ოპონენტებს ამჯერადაც იმედი უნდა გავუცრუოთ. საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს მათი სურვილია“. – განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოში მოქმედი, კრემლთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციაც ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებებით, რუსეთი ჰიბრიდული ომს აწარმოებს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ფაქტები აღკვეთოს, ის ანტიდასავლურ პროპაგანდას აფინანსებს.
“ეს ჰიბრიდული ომი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, სამწუხაროდ, ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ პლატფორმად უკანასკნელ პერიოდში გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების დაზიანება და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელმწიფო, რომელმაც უნდა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და რომელიც საქმის კურსში უნდა იყოს, რომ ყოველდღიურად საქართველოდან ხორციელდება მსგავსი ქმედებები, არათუ არაფერს აკეთებს, არამედ პირდაპირ აფინანსებს, მაგალითად, ანტიდასავლურ პროპაგანდას და მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ დაბლოკა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ძალიან ბევრი ის გვერდი, რომელიც პირდაპირ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა. საქართველოში ოპერირებს ჰაკერების ჯგუფი და ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ან მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას”. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საკითხს ასევე “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკიც ეხმაურება. დეპუტატი ფაქტს კატასტროფას უწოდებს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
“თუკი ეს მტრული ოპერაცია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიიდან განხორციელდა ისე, რომ ამის შესახებ უშიშროების სამსახურმა იცოდა, ეს არის კატასტროფა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ნებართვას აძლევს რუსეთის სპეცსამსახურებს, რომ ბრიტანეთის წინააღმდეგ სპეცოპერაციები განახორციელოს საქართველოს ტერიტორიიდან. ხოლო თუ ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ და უშიშროების სამსახურმა არაფერი იცოდა, ეს მით უმეტეს კატასტროფაა. ეს ნიშნავს იმას, რომ კონტროლი ქვეყანაზე დაკარგულია”. – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
მათ პოზიციას იზიარებს პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი საბა ბუაძე. ბუაძე იმ გაუხსნელ კიბერდანაშაულებზე საუბრობს, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მაგალითად, მას “თიბისი ბანკზე” განხორციელებული კიბერთავდასხმა, 4 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მოჰყავს.
“წლების განმავლობაში, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა ძალიან ნოყიერი გარემო კიბერშეტევებისთვის. ამაზე მოწმობს ისიც, რომ კიბერდანაშაულის გახსნის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საქართველოში და ის გამოუძიებელი საქმეები, რომლებიც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში”. – ამბობს ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული კიბერჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა.