მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა რუბლმა გაუფასურების ანტირეკორდსაც მიაღწია

რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის ბირჟაზე ახალი სანქციების ფონზე, უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა გადაიდო. რუსული მედიის ინფორმაციით, ვაჭრობა მოსკოვის დროით 10:00 საათზე განახლდება.

რაც შეეხება სანკტ-პეტერბურგის ბირჟას, იქ დღეს ვაჭრობა მხოლოდ გარიგებების რეჟიმში განხორციელდება. სხვა რეჟიმებზე ვაჭრობა შეჩერებულია.

ამასთან, როგორც BPN.GE წერს, ორშაბათი დღე რუსული რუბლისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა და უკვე გაუფასურების ანტირეკორდსაც მიაღწია. უფრო კონკრეტულად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება უკვე 100 რუბლს გადაცდა. უნდა
აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე კურსი შედარებით განსხვავებულია, მაგალათად, Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარი 108 რუბლად ივაჭრება, საერთაშორისო პლატფორმა wise-ში კი დოლარის ღირებულება 105 რუბლია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ რუბლი კატასტროფულად უფასურდება.

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა სავარაუდოდ, 15:00 საათამდე არ დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის „ახალი ამბების ფედერალური სააგენტო“ წერს. მისი ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებას 13:00 საათზე გამოაცხადებს.

ამასთან დღეს, 28 თებერვალს რუსეთის სავალუტო და საფონდო ბაზარზე მოსალოდნელია მკვეთრი ვარდნა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სერიოზული სანქციების შედეგად.

დილით, საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის დაწყებისას რუსული რუბლი ევროსთან მიმართებით 40%-ით, ხოლო აშშ დოლართან მიმართებით 30%-ით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მასშტაბური სანქციები დაუწესეს უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო. კერძოდ, ევროკავშირმა განაცხადა რომ რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-დან გაითიშება, ასევე გაიყინება ცენტრალური ბანკის აქტივები.

ევროკავშირმა ასევე აკრძალა რუსული სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდების საკუთარ ბირჟებზე განთავსება და შეუზღუდა ვალის მოზიდვა ევროში.
აქამდე რუსული რუბლის რეკორდული გაუფასურება 2020 წელს პანდემიის პირობებში მოხდა. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება 80 რუბლს შეადგენდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button