უკრაინამ რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულად გამოაცხადა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი

უკრაინამ რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლებულად გამოაცხადა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი – სტოროჟოვე.
უკრაინის თავდაცვის ძალების საზღვაო ქვეითთა 35-ე ბრიგადის მიერ დღეს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული დასახლებული პუნქტის გათავისუფლების ოპერაცია დილის 5 საათისთვის დაიწყო. ბრიგადის თანახმად, კონტრშეტევაში მონაწილეობდნენ ოდესელი საზღვაო ქვეითები, რომლებმაც გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 50-მდე წარმომადგენელი, 4 დაატყვევეს და სოფლის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს.
ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმაც.
11 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში დეოკუპირებულია სოფლები ბლაგოდატნოე და მაკაროვკა. სოფელი სტოროჟოვე მათ მეზობლად მდებარეობს.
მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე წინ მიიწევენ ბახმუტის და სამხრეთის მიმართულებით.
“ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები შტურმს ახორციელებენ. გვაქვს წარმატება ბერხოვსკის წყალსაცავის მიმართულებითაც. დავწინაურდით 250 მეტრით. სამხრეთ ნაწილში დავწინაურდით 300-დან 1500 მეტრამდე. მოვახდინეთ ბლაგოდატნოეს და მაკაროვკას დასახლებული პუნქტები. მიმართულებებზე, სადაც ჩვენი სამხედროები თავდაცვის რეჟიმში არიან, დანაკარგი არ გვაქვს და პოზიციები შენარჩუნებულია”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) საჯარო წყაროებით გავრცელებული ვიზუალური და სხვა მასალების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ 10 და 11 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის ოპერაცია ჩაატარეს ფრონტის ხაზის სულ მცირე სამ მონაკვეთზე და დონეცკის დასავლეთში არაერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის გარდა, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, თუმცა უკრაინის მხრიდან გარღვევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ამასთან უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში წინ წაიწიეს და სოფელი ნოვოდაროვკა გაათავისუფლეს. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ცალკეული ტერიტორიული დაცვის ბრიგადა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ბრიგადა წერს, ნოვოდარივკას გათავისუფლება 4 ივნისს მოხდა, მას შემდეგ კი რუსული მხარე სოფლის თავიდან დაკავებას ცდილობს, თუმცა მათი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
“2023 წლის 4 ივნისს, თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, ზაპოროჟიეს ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მექანიზებული და შერეული ქვედანაყოფების გაერთიანებული მოქმედებების შედეგად, ოკუპანტებისგან განთავისუფლდა სოფელი ნოვოდაროვკა. მტრის არაერთი მცდელობა, რომ კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ დასახლება, წარუმატებელი აღმოჩნდა,” – წერს ბრიგადა.
ნოვოდაროვკა რუსებმა გასული წლის მარტში დაიკავეს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი ცდილობს უკრაინის წარმატების მნიშვნელობა შეამციროს და ირწმუნება, რომ უკრაინელები მოქმედებენ ე.წ. რუხ ზონებში, ანუ იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთის ძალები სრულად ვერც კონტრშეტევის დაწყებამდე აკონტროლებდნენ.