სააღდგომოდ საფლავზე გასვლა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იკრძალება
2-4 მაისის ჩათვლით საფლავებზე გასვლა საქართველოს მასშტაბით სრულად იკრძალება. გამონაკლისი არცერთ ტერიტორიულ ერთეულზე არ დაიშვება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“, – განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოში.
4 მაისის შემდეგ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ გავიდნენ საფლავზე.
აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 3 საათით შემცირდება და იგი 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს.
შეგახსენებთ, მთავრობამ 4- 11 მაისის ჩათვლით უქმეები გამოაცხადა. 3-12 მაისის პერიოდში ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე ძალაში რჩება კომენდანტის საათი.