“ტერორისტებმა პალმირას დანაღმვა დაიწყეს”

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა სირიის უძველესი ქალაქის – პალმირას დანაღმვა დაიწყეს, – განაცხადა ლონდონში განთავსებული, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსმა რამი აბდელ რაჰმანიმ.

მისი თქმით, დანაღმვა გუშინ დაიწყეს, მაგრამ ტერორისტები ნანგრევების აფეთქებას აპირებენ თუ სირიის ჯარის წინსვლას ამ ხერხით აფერხებენ, ჯერ გაურკვეველია.

რაჰმანმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სირიის ჯარმა ტერორისტების მიერ დაკავებულ რაიონებზე მასირებული ავიადარტყმები მიიტანა.

გასულ წელს, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ერაყის და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს. მას შემდეგ, საერთაშორისო კოალიციის ძალები ტერორისტების პოზიციებზე ინტენსიურ ავიაიერიშებს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, რადიკალური დაჯგუფების ტერორისტებმა უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავეს, რომლის კულტურული ფასეულობები რომის იმპერიის დროს შეიქმნა. ანტიკური პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button