მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპალამენტარები ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთო განცახდებით ეხმაურებიან

ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა

ევროპალამენტარები ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთო განცახდებით ეხმაურებიან.

მათი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა ევროპული მისწრაფება, ხოლო ეს წარმატება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

“საქართველო ევროპაა, ხოლო ქართველი ხალხი ევროპელები არიან. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში. ჩვენ, საქართველოს ევროპარლამენტარი მეგობრები მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ სურდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის EU-სთან დაკავშირება, ქართველი ხალხის ნება, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის, საჯარო მოხელისა და მათ შორის, პრეზიდენტის ნება უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ისინი და მხოლოდ ისინი იმსახურებენ ამ წარმატებას.

ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა ევროსაბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებაშიც აისახოს”, – წერია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს სულ ევროპარლამენტის რვა წევრი აწერს: პეტრ აუშტრევიჩიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, მაიკლ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიანე, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიკსერი.

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონის მზაობას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის. თუმცა აღნიშნულია, რომ რეფორმების პროცესს აფერხებს განგრძობადი პოლიტიკური დაძაბულობა, ღრმა პოლარიზაცია, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის შექმნის გამოწვევები.

“პარტიათაშორისმა დაძაბულობამ მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ასევე შეზღუდულმა კონსულტაციებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და რეფორმების განხორციელებაზე”, – აღნიშნულია სამუშაოა დოკუმენტში.

პარლამენტში არსებითი მრავალპარტიული მუშაობა კანონმდებლობის შედგენაში შეფერხდა ოპოზიციის შეზღუდული ჩართვით (მმართველი პარტიის მიერ), ასევე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პერიოდული ბოიკოტებით. ამის მიუხედავად, აღნიშნულია, რომ იყო თანამშრომლობის კარგი მაგალითები, მათ შორისაა ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში.

სამუშაო დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს სასამართლო სისტემა. როგორც აღნიშნულია, მიღებულ იქნა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, თუმცა ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით.

ევროკომისია წერს, რომ საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემდგომი დასრულებისთვისა და მისი განხორციელების დასაწყებად.

ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, საქართველომ მოახდინა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებისა და დოკუმენტების უმეტესობის რატიფიცირება და, მთლიანობაში, ასრულებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია შეიცავს გარკვეულ დადებით ელემენტებს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით, თუმცა გადასაწყვეტი რჩება რამდენიმე ძირითადი საკითხი, კერძოდ დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ასევე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას ევროკომისია წერს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება და მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. გამოხატვის თავისუფლების უფლებას პატივს სცემენ და იცავენ.

“მედია გარემო ძირითადად პლურალისტურია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული და მტრულ გარემოში მუშაობს. ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა კვლავ აფერხებდა მედიის დამოუკიდებლობას. ადგილი ჰქონდა დაშინებებს, ასევე მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური და სიტყვიერ თავდასხმებს, წინასაარჩევნო მიტინგებისა და დემონსტრაციების კონტექსტში. შემდგომი გამოძიებები ჯერჯერობით არაეფექტურია. მედიის მიმართ მძაფრი განცხადებები ასევე ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან მოდის. სასამართლო პროცესები და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ გახშირდა. ბოლო განაჩენები მედიის კრიტიკულ გაშუქებაზე უარყოფითად მოქმედებს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში მიმოხილულია შეკრების თავისუფლება. აღნიშნული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ არსებობს, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში არიან, როგორც ეს 8 ივლისს Tbilisi Pride-ის მონაწილეების მიმართ სასტიკი თავდასხმის დროს მოხდა.

ევროკომისია წერს, რომ პარლამენტმა წინასწარი კონსულტაციების გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო შეკრების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა შემდგომში ვეტოც დაადო.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ინსტიტუციურ დონეზე, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება კარგად არის განსაზღვრული, თუმცა, დამცავი ზომები, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისები და თავშესაფრის შემდგომი დახმარება შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button