სააკაშვილი წერს, რომ პუტინის დავალებით მოწამლეს

მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ წერილის ფოტოსთან ერთად ფეიგინი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
„ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილ საქმეში”, – წერია წერილში.
წერილს თავად ფეიგინიც ეხმაურება.
„მიხეილ სააკაშვილის ჩემთვის გამოგზავნილი წერილი ციხის საავადმყოფოდან. თუ არაფერს არ ვიზამთ, მოკვდება მიხეილ ნიკოლოზის ძე”, – წერს ფეიგინი.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა „ვივამედში“ მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.