სააკაშვილი, წიკლაური, თარგამაძე – ჩანაწერების ახალი ტალღა
უკრაინული ვებგვერდი ამჯერად სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს.
ვებგვერდზე სამი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც საუბარი პერმანენტული აქციების დაწყებაზეა მას შემდეგ, რაც მოსამართლე “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ერთ-ერთ მათგანში ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ კარგი განწყობაა, არასამთავრობოები გამოდიან, ხალხის ნაწილი სასამართლოსთან მიდის, ხოლო 3 000 კაცამდე “რუსთავი 2”-თან მივა.
მეორე ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ, ასევე მიხეილ სააკაშვილსა და ნუგზარ წიკლაურს შორის გაიმართა, შემდეგ კი წიკლაურმა სავარაუდოდ ტელეფონი გივი თარგამაძეს გადააწოდა, ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით და კიდევ უფრო დიდი მიტინგი და კონცერტი გაიმართოს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური IPN-თან საუბარში ამბობს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. როგორც წიკლაურმა განაცხადა, მას ჩანაწერები თვითონ არ მოუსმენია და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც მასალებს გაეცნობა.