ლუკაშენკოს თქმით ბელარუსი არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ-მისთვის ოსების და აფხაზების ქართველებთან მშვიდობიანი ცხოვრება მისაღებია

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა ქართველებთან მშვიდობიანად იცხოვრონ, როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია, – ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ნიკოლაი როგაშჩუკს, რომელიც საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
მისი თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა.
„ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან. როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია. არ ვერევით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ადამიანებისთვის. ეს ჩვენი პოზიციაა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
„ბუნებრივია, ოდესღაც დგება ელჩების შეცვლის დრო. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახლა, ამ ეტაპზე საჭიროა ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში ელჩად თქვენ გაგზავნაზე“, – დაამატა მან.
ბელარუსს ოფიციალურად არ უღიარებია საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობა, თუმცა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, რის გამოც თბილისმა ის „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევაში დაადანაშაულა.
2023 წელს მან მინსკში უმასპინძლა აფხაზურ „დელეგაციას“ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მეთაურობით. ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში ესაუბრა დე ფაქტო რესპუბლიკების ლიდერებს – ალან გაგლოევს და ბადრა გუნბას. ეს შეხვედრა 9 მაისს კრემლში გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში.
მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობები შედარებით გაუმჯობესდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და „ქართული ოცნების“ პარლამენტის მხარდაჭერით პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ. გასული წლის ბოლოს ლუკაშენკამ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, ხოლო ყაველაშვილმა ლუკაშენკას – მიმდინარე წლის თებერვალში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება. ლუკაშენკამ საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ოპოზიცია და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე.