სააკაშვილის და ქართველი ემიგრანტების შეხვედრა ლიეჟში

ბელგიაში, ლიეჟის კონგრესის შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ხუთ პუნქტიანი გეგმა შეაფასეს.
„ჩვენ გვაქვს ზუსტი მოდელი იმისა, რა უნდა იყოს საქართველო” – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟში, კონგრესის დარბაზში ემიგრანტებთან შეხვედრისას გააკეთა. მან მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი მთავრობა და დეტალურად ისაუბრა იამზე, თუ რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში.
მოისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ხმა.
ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიას მხარს უჭერენ და მისი დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებას თავადაც გეგმავენ.
შეხვედრის მონაწილეები, ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობასა და ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ.
მოისმინეთ შეხვედრის მონაწილის, აშშ-ში მცხოვრები ბადრი მებურიშვილის ხმა.
შეხვედრაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს შეხვდა, დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა. ის სააკაშვილის მხარდამჭერებმა დარბაზიდან გაიყვანეს. შაშიაშვილი მაშინ შევიდა დარბაზში, როდესაც ექსპრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა.
დარბაზში, სადაც შეხვედრა გაიმართა, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. ამას დაპირისპირებაც მოჰყვა.

სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ მისი მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესიის მსხვერპლნი იყვნენ.
ემიგრანტები ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს მათ წინააღმდეგ გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც ემიგრანტთა ნაწილი ცუდად გახდა. მათ სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ.