მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოხმაურებები გრძელდება

არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე – სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ასევე აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რევოლუციური მიზნებისთვის იყენებენ.

“გაცილებით სერიოზული მიზნები აქვს ტყუილების ტირაჟირებას, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს და საზოგადოებაში სამწუხაროდ, არათუ ნიჰილიზმი, ცოტა იუმორისტული დამოკიდებულებაც კი განვითარდა. ამ დროს ვითარება უფრო დრამატულია, რადგან სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, ამ რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, არის ერთ- ერთი მთავარი თემა და არ იხსნება დღის წესრიგიდან. შიმშილობა, რომელიც მან დაიწყო, ამ შიმშილობის გამო აშკარად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ დახასიათება, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა და საერთოდ არაჯანსაღი ადამიანის სურათი დაგვიხატა, შემდეგ ამის ყველაფრის დაბრალება “ქართული ოცნებისთვის”, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ეს დესტაბილიზაცია სტრატეგიული გეგმის დღის წესრიგიდან არ მოიხსნას. ესაა მათი ამოცანა და ამ ამოცანის შესასრულებლად მანიპულაცია ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და იქამდე მივიდა ვითარება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს, თუკი ეს საჭირო იქნება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიური დაკვირვების ქვეშ არის. როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რაც კონსტიტუციით არია გარანტირებული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მოვიკითხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მონიტორინგს მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილი იღებს იმას რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს და რაც გარანტირებულია საქართველოა კონსტიტუციით“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ პოსტი, რომელიც დღეს სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის.

“ფეისბუქ სტატუსში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავდა, რომ მას მოწამვლასთან დაკავშირებით ადვოკატებთან ეჭვი არასდროს გამოუთქვამს.

“მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს. თუ დაწერა, საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი, თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. თვეებია, განცხადებას ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ მას ორგანიზმში შესაძლოა, გარკვეული მეტალები ჰქონოდა და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. უშუალოდ “ვივამედის”ერთ-ერთმა ექიმმა 15 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის ანალიზები უნდა გადამოწმებულიყო და ანალიზები ჩატარებოდა, რათა დადგენილიყო ხომ არ იყო მის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალები. მისი სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში გადაგზავნეს, პასუხში აღნიშნული იყო, რომ მას არ აღენიშნებოდა ტოქსიკოლოგიის ნიშნები. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მინერალები სისხლის ანალიზში ვერ აღმოჩნდებოდა, საჭირო იყო დამატებითი კვლევა. ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, სააკაშვილს გარკვეული მინერალები აღენიშნებოდა, ამჟამად ტოქსიკოლოზი მუშაობს, საიდან შეიძლება მას ეს ნივთიერებები ჰქონოდა. თუმცა, პირადად ჩემ მიერ მოწამლვაზე ინფორმაცია არასდროს გაჟღერებულა, მოწამლვა დანაშაულია, მინერალები მას ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტებით შეიძლებოდა ჰქონოდა. ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია, 2-3 დღეში იქნება პასუხი”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე, სააკაშვილთან მის შესაძლო მოწამვლაზე უსაუბრია თუ არა, ადვოკატი ასე პასუხობს: “მე პირადად არა”.

ხაჭაპურიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოველდღე შეიძლება სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილი შესაძლოა, გათავისუფლდეს, მითუმეტეს, იქ აქცენტები კეთდება მე-18 მუხლზე”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button