მნიშვნელოვანისიახლეები

,,სააკაშვილის მიმართ ხელისუფლებას ამოძრავებს შურისძიება და პოლიტიკური მოტივებიც,,-ოპოზიცია

მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურის, რეჟიმს ძალიან ეშინია – ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს საკანში, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღესაც ზუსტად ასევე იხარჯება ეს თანხები, მაგრამ არავინ ისჯება.
„ეს არ არის სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო. მოსამართლე ასრულებს იმ დავალებას, რასაც იღებს რეჟიმისგან. მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურის, რეჟიმს ძალიან ეშინია. ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი დარჩეს საკანში, არ გამოვიდეს გარეთ, არ იყოს თავისუფლებაზე, არ იყოს ხალხთან, არ იყოს კამპანიაში. როგორც „ოცნების“ პიარ პროპაგანდისტი, ისე წარდგა მოსამართლე საზოგადოებისა და მედიის წინაშე, გაემართლებინა რატომ აძლევს ამხელა ვადას ადამიანს, რომელმაც პირდაპირი გაგებით, სიბნელიდან და ჭაობიდან, კორუფციიდან, კრიმინალიდან ამოიყვანა ქვეყანა, 12-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. ოღონდ იმასაც კი არ ედავებიან, რომ თავისთვის წაიღო, მიიტაცა, მოიპარა, არამედ გაფლანგა, სხვადასხვა ხარჯებს მოახმარა, სხვადასხვა პერიოდში, საქართველოში, საზღვარგარეთ, ჰილარი კლინტონს „რედბული“ უყიდა. ეს ხარჯები შეტანილია ამ სამარცხვინო საქმეში. დღესაც ზუსტად ასევე იხარჯება ეს თანხები, ზუსტად ასევე მიდის საბიუჯეტო სახსრების მოხმარება სახელმწიფოსთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეჟიმს ეს გასაიდუმლოებული აქვს და მათი წარმომადგენელი არავინ ისჯება“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ხელისუფლებას დღეს გაცხადებული აქვს თავისი დამოკიდებულება, არ გაუშვებდა შანსს ხელიდან რომ კიდევ რაღაც დამატებით არ გაეკეთებინა. ჯანაშიას არც ჯარიმა უნდა დაკისრებოდა, არც არაფერი დანაშაული არ მიუძღვის, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერი გიგი წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, ხელისუფლებას ამოძრავებს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, კერძოდ შურისძიება და პოლიტიკური მოტივები.
მისივე თქმით, „დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ მართლმსაჯულება ხელისუფლების ძალიან სერიოზული გავლენის ქვეშ არის”.
„მოვისმინეთ ეს განაჩენი, რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ ეს დამსახურებულია, წარმოუდგენელია. სააკაშვილის მიმართ ბუნებრივია ხელისუფლებას ამოძრავებს თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ეს არის შურისძიება, პოლიტიკური მოტივებიც. ამაზე თავად საუბრობდნენ, როდესაც ამბობდნენ რომ მას არ დავაკავებდით თუ ის დამშვიდდებოდა, არ იქნებოდა ჩართული აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, მოხდა ის, რისი მოლოდინიც იყო. ხელისუფლებას დღეს გაცხადებული აქვს თავისი დამოკიდებულება, არ გაუშვებდა შანსს ხელიდან რომ კიდევ რაღაც დამატებით არ გაეკეთებინა. ჯანაშიას არც ჯარიმა არ უნდა დაჰკისრებოდა, არც არაფერი დანაშაული არ მიუძღვის”,- აღნიშნა წერეთელმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას სამარცხვინოს უწოდებს.
როგორც გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სამარცხვინო რამ „ქოცების სასამართლოს და პროკურატურას არ უქნია“.
„იმაზე სამარცხვინო, რაც პიჯაკების საქმე და მისი შედეგია – 9 წლიანი პატიმრობა მიშა სააკაშვილს, „ქოცების“ სასამართლოს და პროკურატურასაც კი არ უქნია. თავისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილს!“, – წერს გვარამია.

პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა. „ქართული ოცნების“ მესიჯია, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
აღნიშნულით ბასილაიამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
„როგორც ვვარაუდობდით, პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა და შედგა. ეს არის „ქართული ოცნების“ მესიჯი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში. დღეს ეს მოვისმინეთ და ეს არ არის პოლიტიკური შეფასება. სასამართლოს როცა ვუსმენთ და მოჰყავს არგუმენტები, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის, მაქსიმუმ, ათ პროცენტზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით განმარტება არ მოგვისმენია, თუნდაც დაჯავშნილი ავტომობილების ხარჯზე. როდესაც ამბობს, რომ ცხრა მილიონი გაიფლანგა, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის როცა ხდება დაჯავშნილი ავტომობილის ქირაობა, ეს არ არის უსაფრთხოების ღონისძიება? როდესაც ის საუბრობს, თითქოს პირად ხარჯებს ჰქონდა ადგილი, დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და სხვათა გამასპინძლება პირადი ხარჯია? ასე უსასრულოდ, ძალიან ბევრი შეგვიძლია, გავაგრძელოთ. მათ შორისაა მრავალრიცხოვანი ოფიციალური ღონისძიების საკითხი, როდესაც, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან სტუმრობდა დელეგაცია საქართველოს და ამ დელეგაციებისთვის იყო გაწეული ხარჯი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება თემურ ჯანაშიას, რომელთან დაკავშირებითაც დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ბექა ბასილაიას შეფასებით, თემურ ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი კვალიფიკაციის მიცემა უკანონო გადაწყვეტილებაა.
„თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებითაც პროცესის საწყის ეტაპზევე ვაცხადებდით, რომ, ნებისმიერი კვალიფიკაციით, სამართლებრივად არასწორია გასამხედროებული დაწესებულების ხელმძღვანელისთვის ბრალის წარდგენა უმაღლესი მთავარსარდლისგან მიღებული განკარგულებების საფუძველზე. ჩვენ შემდგომშიც გვქონდა პრაქტიკა და ეს მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილია, რომ, მაგალითად, ანზორ ჩუბინიძეც იმავე ტიპის ხარჯს გასწევდა და შეუძლებელია, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა არ აღასრულოს იმ თანამდებობის პირის დავალება, ვის დაქვემდებარებაშიც იმყოფება. ჩვენ გვაქვს ასევე წარმოდგენილი, პრემიერ ღარიბაშვილის დავალებას როგორ ასრულებდა მღებრიშვილი, როდესაც იყო ამ სამსახურის უფროსი. თემურ ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი კვალიფიკაციის მიცემა არის უკანონო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

9-წლიანი პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს და 300 000-ლარიანი ჯარიმა თეიმურაზ ჯანაშიას – საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა.
“ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეფასებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არსებობს.
“სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არსებობდა და პროკურატურა ცალმხრივად, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართა დაინტერესდა, როგორ იხარჯებოდა თანხები და რა ფორმით. ბუნებრივია, რომ ამ საკითხის მსჯელობაში საერთოდ არ შევალ, იმიტომ, რომ მათ მარტივად შეეძლოთ ეჩვენებინათ, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს თანხა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს არც მიხეილ სააკაშვილს და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია,” – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიების შეფასებას, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობდა ფართომასშტაბიანი კორუფცია.
“ეს საქმე პირდაპირ უკავშირდება იმ ელიტურ კორუფციას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არსებობდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად ვერ დავარქმევდი ამ საქმეს “პიჯაკების საქმეს.” გაცილებით დიდი მასშტაბის კორუფციასთან გვქონდა, სამწუხაროდ, საქმე “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს,” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილისათვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობის მისჯას:
„სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი“, – დაწერა ნათია მეზვრიშვილმა 12 მარტს ფეისბუკზე.
რამდენიმე საათით ადრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი, კიდევ ერთ საქმეზე – დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რასაც მედიაში „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ – მიუსაჯეს პატიმრობა, ამჯერად 9 წლით. სასამართლომ ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას, – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, – 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
დაცვის მხარე, – ასევე, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა არაერთი ოპოზიციური ჯგუფი, – საქმეს და ამ გადაწყვეტილებასაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო“, – დაწერა სააკაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ. გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პოზიციონირებს, როგორც ძალა, რომლის მიზანია „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება ისე, რომ ხელისუფლებაში არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

“არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის მხრიდან და, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მე, თინათინ ბოკუჩავას არასოდეს, არცერთ წელს არ მიმიღია,” – ამის შესახებ პარტიის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
“11 წლის განმავლობაში საქმეზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო ეძებდნენ დაგეშილი პროკურორები მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ ამის ვერცერთი მტკიცებულება მათ ვერ ნახეს.
არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის მხრიდან და, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მე, თინათინ ბოკუჩავას არასოდეს, არცერთ წელს არ მიმიღია. ამიტომ ამ ცილისწამებასა და ბრალდებაზე, მე აუცილებლად მოვითხოვ პასუხს,” – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და ხარჯები გაასაჯაროვა. უწყების ტექსტში ნათქვამია, “2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხა.” მათ შორის სასტუმროს მომსახურებისთვის დახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე – მილიონ 400 ათასზე მეტი, ტრანსპორტით მომსახურებაზე – 2 მილიონ ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 250 ათას ლარამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button