მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“[სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად] დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნება, საქართველო, როგორც მინიმუმ, ქვეყნის ელჩს გაიწვევს.

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის ვიცე-პრემიერად იმ პირის დანიშვნა, რომელიც საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის არის გასამართლებული, სასჯელი აქვს მისჯილი და ძებნილია.

“უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი, უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუნქტურა. თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისევე მიუღებელია, ჩემთვის პირადად, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიმე რესტორანში თმებით თრევა და იქიდან გამოყვანა”, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს პრემიერის თქმით, სააკაშვილის დანიშვნას საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

“ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გავიწვევთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button