მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი სამედიცინო დასკვნას ასაჯაროებს

სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, დღის 1 საათზე ჩაინიშნა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. ეს საკითხი სასამართლოს განსახილველად წარედგინა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრ “ემპათიის” დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაპატიმრებისას “პრაქტიკულად ჯანმრთელი” მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშეა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა სასამართლო პროცესში მონაწილეობას თავად მიხეილ სააკაშვილი – ადვოკატებს სურთ, რომ იგი დისტანციურად მაინც ჩაერთოს განხილვაში.

ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობა, ვინც სააკაშვილისთვის სასჯელის მოხსნის ან გადავადების საკითხს განიხილავს – ესაა გიორგი არევაძე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა. არევაძის გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. სწორედ გიორგი არევაძე განიხილავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პირად facebook გვერდზე წერს, რომ ექსპრეზიდენტის სასამართლო 9 დეკემბერს, 13 საათზე ჩაინიშნა.

ამასთან, მელია თანაპარტიელებს სთხოვს ხვალ ფრაქციის ოფისში შეკრებას, რათა განიხილონ სამოქმედო გეგმა და სტრატეგიები.

“მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13 საათზე.

ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები,”-წერს ნიკა მელია.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნას ასაჯაროებს. დასკვნის თანახმად, ექსპერტული მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა, რამდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში და მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.

ექსპერტები თვლიან, რომ მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება.

დასკვნის თანახმად, სახეზეა შემდეგი ძირითადი სიმპტომები: წონაში კლება 42 კგ, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგიის დაქვეითება, მგრძნობელობის დარღვევა კიდურებშიცხელება, მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა. რაც შეეხება დიაგნოზს, ექიმების დასკვნით, პაციენტს კახექსია აქვს – ჰიპერკატაბოლური მდგომარეობა, რაც ასოცირებულია სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებთან.

გთავაზობთ ექსპერტების დასკვნას სრულად:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა N157 ბრძანებით შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

ექსპერტთა ჯგუფს ამ დრომდე შემუშავებული ჰქონდა ექვსი დასკვნა, კერძოდ: 17.11.2021, 18.11.2021, 25.11.2021, 14.12.2021, 19.01.2022 და 27.04.2021 დასკვნა.

მიმდინარე პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმების შესახებ ცნობების აქტიურად გავრცელების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიღო ექსპერტთა ჯგუფის მორიგი მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება.

შესაბამისად, 2022 წლის 4 დეკემბერს ოთხი ექსპერტი იმყოფებოდა კლინიკა „ვივამედში“ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვისა და რელევანტური სამედიცინო მასალების გაცნობის მიზნით, ხოლო ამავე წლის 5 დეკემბერს, კონკრეტულ საკითხებზე დამატებითი დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან.

4-5 დეკემბრის ვიზიტების მიზანი იყო პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და ჩივილების, სიმპტომების აღწერა-შეფასება. ასევე, დინამიკის შეფასება წინარე ვიზიტებთან მიმართებით, იმ კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, რაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს გააჩნია.

4 დეკემბრის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი). 5 დეკემბერს ვიზიტი განახორციელა გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი). ხოლო ვიზიტების შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა ასევე მიიღეს გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი) და ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი).

პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება

ექსპერტთა ჯგუფის პოზიციით, პაციენტის მდგომარეობა, ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ, მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე.

პაციენტის შეფასების მონაცემები და მსჯელობა

სახეზე გვაქვს შემდეგი ძირითადი სიმპტომები:

წონაში კლება 42 კგ., გასული წლის ოქტომბერში იყო 115 კგ., 2022 წლის მაისის თვეში 104 კგ. ამჟამად არის 73,6კგ. ამჟამად სხეულის მასის ინდექსი არის 20კგ/მ2

დაქვეითებული კუნთების ძალა

შემცირებული კუნთების მასა

მოძრაობის შეზღუდვა

ენერგიის დაქვეითება

მგრძნობელობის დარღვევა კიდურებში

ცხელება

კოგნიტიური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა)

დიაგნოზები

კახექსია – ჰიპერკატაბოლური მდგომარეობა, რაც ასოცირებულია სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებთან და ხასიათდება კუნთების მასის კლებით ცხიმოვანი მასის კლებასთან ერთად ან მის გარეშე.

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია მოცემული კრიტერიუმებიდან მინიმუმ სამი:

დაქვეითებული კუნთების ძალა

დაქვეითებული კუნთების მასა

III. დაქვეითებული ენერგია/დაღლილობა

ანორექსია

ბიოქიმიური ცვლილებები (ანემია, ინფლამაცია, ჰიპოალბუმინემია).

პაციენტის ამჟამად აქვს:

დაქვეითებული კუნთების ძალა

შემცირებული კუნთების მასა

III. ენერგიის დაქვეითება

ანორექსია

ანემია

ცხელება

VII. წონის კლება 42 კგ (36% საწყისი წონის)

ამგვარად პაციენტის მდგომარეობა აკმაყოფილებს კახექსიის მე-4 დონეს (გამომდინარე კახექსიის გრადაციის სისტემიდან: სხეულის მასის ინდექსი BMI ≤20 კგ/მ2 და წონის კლება 6-დან -11%-მდე მიუთითებს). თუ 2021 წლის ოქტომბერიდან 2022 წლის მაისამდე, ანუ 7 თვეში მან დაიკლო 115-105=10 კგ, 2022 წლის მაისიდან დეკემბრის დასაწყისისათვის 7 თვეში უკვე 105-73.6=31.4 კგ (წონის 29.5%), ანუ წონის კლების სიჩქარე გასამმაგდა.

ყოველდღიური ცხელების ეპიზოდები (გენეზი დაუდგენელია)

ანორექსია, ასთენია

კუნთების განლევა

გაღრმავებული ანემია

პოლინეიროპათია

ორთოსტატიული ჰიპოტენზია

კოგნიტიური გაუარესება

პოსტტრავმული სტრეს სინდრომი (დიაგნოზი დასმულია 2021 წლის 14 დეკემბრისა და 2022 წლის 19 იანვრის დასკვნებით)

მსჯელობა:

პაციენტის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება ბოლო წლის და განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში;

გაღრმავდა ენცეფალოპათია, სენსორი მოტორულინეიროპათია, ანემია და დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას; სამწუხაროდ, განვითარდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვით მონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონისკლება – სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ-დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე;

პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში (რაც ჩვეულებრივ პაციენტის მართვის სტანდარტია თანამედროვე მედიცინისთვის) და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით. პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია და მკურნალობა ძირითადად სხვადასხვა ახალ გართულებებზე რეაგირების რეჟიმში ტარდება;

კონსილიუმის აზრით, პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. პროცესის ამგვარი განვითარება პროგნოზირებული იყო კიდეც ჩვენს ადრინდელ დასკვნებში.

პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე;

სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები. წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება. სახეზეა კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა;

პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. წონისკლების სიჩქარე ბოლოთვეებში გასამმაგდა. ასეთი სისწრაფით კლებისას კიკრიტიკული BMI <14 ( რაც < 52 კგ-ს შეესაბამება) მიღწეულ იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება; ამჟამინდელი მკურნალობა შედეგს არ იძლევა. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით; ექსპერტული მოსაზრებით, პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა, რამდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში, მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ვთვლით, რომ მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button