სააკაშვილმა უკრაინაში კიდევ ერთი თანამდებობა დაიკავა
უკრაინაში რეფორმების სახელმწიფო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა, რომელსაც ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა აივარას აბრომავიჩუსმა განაცხადა.
„ჩვენ შევქმენით რეფორმების სამეთვალყურეო საბჭო. ეს არის ექპერტების ჯგუფი, რომლებსაც სახელმწიფო მართვისა და რეფორმირების დიდი გამოცდილება აქვთ. მათ იციან უკრაინა, გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და მზად არიან სახელმწიფო სამსახურების წარმატებულ რეფორმებზე იმუშაონ. კმაყოფილი ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელმძღვანელის პოსტზე თანხმობა განაცხადა“, – თქვა აბრომავიჩუსმა.
აბრომავიჩუსის თქმით, საბჭოში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შედიან. მან აღნიშნა, რომ საბჭოს პრიორიტეტი, იმ სახელმწიფო დაწესებულებების რეფორმირება იქნება, რომელიც არაეფექტურად მუშაობს.
თავის მხრივ, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალ თანამდებობაზე, ისევე როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე, მისი მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეფექტური მუშაობა იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მინისტრი არ იპარავს და ქრთამს არ იღებს. მთელი ეს წლები უკრაინა მასშტაბურად იძარცვებოდა. გასულ წელს, „მაიდნის“ შემდეგ, 100 მილიარდი გრივნა დაიკარგა. და ეს თანხა საწარმოების დირექტორება უკრაინელ ხალხს მოპარეს. ქვეყნის ძარცვა უნდა შევაჩეროთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ უკრაინას უდიდესი პოტენციალი აქვს.