ტურისტმა მიქაელ მთავარანგელოზის ქანდაკება დააზიანა [Video]

ლისაბონის ანტიკური ხელოვნების საერო მუზეუმში ბრაზილიელმა ტურისტმა, სელფის გადაღების დროს, XVIII საუკუნეში შექმნილი მიქაელ მთავარანგელოზის ხის ქანდაკება წააქცია. ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა DN ავრცელებს.

“ბრაზილიელმა ტურისტმა სელფისთვის უკეთესი რაკურსის შერჩევის დროს უკან დაიხია და შემთხვევით ხის ქანდაკებას შეეხო”, – განაცხადეს მუზეუმის წარმომადგენლებმა.

ინციდენტის შედეგად, რომელიც მუზეუმის ახალგახსნილ გალერეაში მოხდა, არავინ დაშავებულა, ხოლო დაზიანებული ქანდაკება სარესტავრაციოდ გაიტანეს. საგამოფენო დარბაზი, სადაც ქანდაკება ინახებოდა, დროებით დაიხურა.

მიქაელ მთავარანგელოზის ხის ქანდაკება 1765-1790 წლებში ლისაბონში შეიქმნა. იგი საერო მონუმენტალური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად ითვლება. მას დაცემის შემდეგ ფრთები და მანტია დაუზიანდა.

მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევა კადრების უკმარისობის გამო მოხდა. როგორც გაირკვა, მუზეუმის 82 საგამოფენო დარბაზს მხოლოდ 64 თანამშრომელი ემსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button