რეგიონი

საახალწლოდ ნაჩუქარი ტკბილეული ოპოზიციონერმა წევრებმა მერიას უკან დაუბრუნეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა მერიას საახალწლოდ ნაჩუქარი ტკბილეული უკან დაუბრუნეს.

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგ დევიძის განმარტებით, გაურკვეველია თანხების წარმომავლობა, რომლითაც მერია საჩუქრებს აფინანსებს.

” მესამე წელია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ერთმა ადამიანმა მოირგო საკუთარ თავზე. საჩუქრებს ყოველთვის ჯონდო მდივნიშვილი ეწერა. ახლა უკვე მერია აწერია. აქამდე პასუხს არავინ სთხოვდა. ეს თანხები მიფარებული აქვთ, გაურკვეველია, რომელი მუხლიდან და საერთოდ, საიდან იხარჯება. სამიზნე ჯგუფებია ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები და საბანკო პერსონალი. ვაპირებთ, მერი მოვიწვიოთ საკრებულოში სადაც წელიწადში ორჯერ დადის და დავუსვათ კითხვები, რა თანხებია ეს. თუ კარგად მუშაობს, მადლობასაც ვეტყვით”– განაცხადა დევიძემ.

რა თანხებით ფინანსდება სახალწლო საჩუქრები გარკვეული ჯგუფებისათვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, არ დაასახელა.

“საახალწლოდ სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის იყო მცირედი სასაჩუქრე პაკეტი. ნაცინალური მოძრაობის დეპუტატების მიერ დაბრუნებული საჩუქარიც განაწილდება სხვა პაკეტების მზგავსად”- განმარტა მდივნიშვილმა.

სოციალურად დაუცველთა მოსახლეობის გარდა, ლაგოდეხში საახალწლო პაკეტს, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები, უკვე მესამე წელია, იღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button