ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

საარჩევნო დაპირებები და აცდენილი რეალობა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 50 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის. იბრძვიან სხვადასხვა ხერხებით, ერთმანეთის საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობითა და კონკურენტი პოლიტიკური ძალებისთვის წარსული შეცდომების შეხსენებით.

ერთმანეთს ებრძვიან სპეციალურად შექმნილი წინასაარჩევნო ვიდეო რგოლების, ტელე და რადიო ეთერებში საარჩევნო პოლიტიკური დებატების მეშვეობით.

პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნოდ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად, ის პროგრამები ითვლება, რომლებსაც პარტიები, ექსპერტებისა და სპეციალისტების დახმარებით ქმნიან.

პროგრამაში გაწერილია, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისათვის, რომ კონკეტული პოლიტიკური პარტიის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდეს.

მესამე სექტორის შეფასებით, იმ პოლიტიკური პარტიების ნახევარზე მეტს, რომელიც სულ რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, წინასაარჩევნო პროგრამა, როგორც დოკუმენტი საერთოდ არ გააჩნია.

20 პოლიტიკური სუბიექტიდან კი რომელთაც წინასაარჩევნო პროგრამები წარმოადგინეს, უმეტესობა ყოველგვარი წინასწარი გათვლების და გაანგარიშების გარეშეა დაწერილი.

რადიო ჰერეთთან საუბრისას ვებგვერდ “თვითმმართველობის დროას” დამფუძნებელი მაგდა პოპიაშვილი აცხადებს რომ, პოლიტიკური პარტიების პროგრამების უმეტესობა, ფურცელზე გადატანილ სადღეგრძელოს უფრო ჰგავს და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის მაღალკვალიფიციურ ხედვასთან საერთო არაფერი აქვს.

პოპიაშვილის თქმით, რჩება შთაბეჭდილება რომ საარჩევნო სუბიექტებს პროგრამები დაწერილი აქვთ იმისთვის, რომ ჰქონდეთ პროგრამა, და არა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკური ძალა როგორ გაუმკლავდება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

მაგდა პოპიაშვილი

“საარჩევნო სუბიეტების უმეტესობას არ აქვს გაანალიზებული თუ რა შედეგი შეიძლება დადონ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ყველა მათგანი ლაპარაკობს იმას, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორ შეცვლიან ქვეყანას. მაგალითისთვის, პარტიების ემეტესობა, მოსახლეობას გადასახადების შემცირებას და ხელფასების და პენსიების გაზრდას პირდება.ეს ორი კონკრეტული დაპირება კი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, მითუმეტეს მაშინ, როცა პროგრამაში არ ჩანს კონკრეტული ნაბიჯები თუ როგორ აპირებს ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი, შემცირებული გადასახადების ფონზე, ბიუჯეტის გაზრდას. ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება განცდა, რომ პოლიტიკოსები ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ამომრჩეველს მუდმივად ატყუებენ”, – განაცხადა რადიო ჰერეთთან საუბრისას მაგდა პოპიაშვილმა.

EECMD (აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) – 2012 წლიდან ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებს სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს, სადაც საარჩევნო სუბიექტებს კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი პროგრამული ხედვების განთავსება შეუძლიათ.

როგორც ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორმა ნიკოლოზ შარვაშიძემ რადიო ჰერეთს განუცხადა, იმ პარტიების დიდი ნაწილი, რომელთაც საკუთარი პროგრამა პორტალ partiebi.ge-ზე განათავსეს, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ხშირად საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიან.

ნიკოლოზ შარვაშიძე

“პარტიების უმეტესობა თვლის რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლები უნდა გაიზარდოს ყველა მიმართულებით, თუმცა ამავე დროს დებენ სახელმწიფო გადასახადების შემცირების პირობას, რომელიც საქართველოში ევროპის მასშტაბით, ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამ ემთხვევაში კი გაუგებარი ხდება, როგორ მოხდება იმ ხარჯების მობილიზება, რომლითაც უნდა გაიზარდოს განათლების, სოციალური სფეროს თუ საჯარო სექტორის დაფინანსება. პარტიების უმეტესობის დაპირება ასევე არის მცირე მთავრობა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ძირითადი პრობლემა არა სამთავრობო ხარჯი, არამედ მთავრობის ეფექტურობაა”, – აცხადებს შარვაშიძე.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს შექმნილ რამდენიმე პოლიტიკურ ძალას, ბევრად უფრო დახვეწილი და სრულყოფილი საარჩევნო პროგრამები აქვთ, ვიდრე პოლიტიკურ სივრცეში არსებულ კვალიფიციურ მოთამაშეებს, მათ შორის ხელისუფლებას.

“სოციალური სფეროს განვითარების კუთხით საინტერესოა ერთ-ერთი ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის ხედვა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამას ითვალისწინებს და აქვს ინიციატივა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეს, სოციალური დახმარება შეუნარჩუნდეს. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ ქვედა ფენიდან საშუალო ფენაში გადაინაცვლოს.” – განუცხადა რადიო ჰერეთს ნიკოლოზ შარვაშიძემ.

მესამე სექტორში მნიშვნელოვან ხარვეზად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ პროგრამებში არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით.

პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობას, 4 წელიწადში 100 დან 300 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება, ეს იმ ფონზე როდესაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მმონაცემებით, 2012-2018 წლებში საქართველოში მხოლოდ 30 დან 40 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

როგორც რადიო ჰერეთთან არასამთოვრობო ორგანიზაციები აცხადებენ,პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი არ ხარჯავს რესურსს და დროს კვალიფიციური საარჩევნო პროგრამების შექმნაზე და ისინი კვლავ ერთმანეთის კომპრომეტირების გზით ცდილობენ ქართველი ამომრჩეველის გულის მოგებას, რამოდენიმე მათგანი კი სულ რაღაც სამ დღეში ხელში ქვეყნის მართვის სადავეებს კვლავ კონკრეტული სამოქმედო პროგრამის გარეშე აიღებს.

ერეკლე ცოცანიძე, რადიო ჰერეთის კორესპონდენტი 

მსგავსი პოსტები

Back to top button