მნიშვნელოვანისიახლეები

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტი 81 ხმით მიიღეს, 6 დეპუტატი კი მის წინააღმდეგ წავიდა. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.

კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.

ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ამას გარდა, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ოპოზიციის შეფასებით, ამ კანონპროექტით მმართველი გუნდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის დაქვემდებარებაში აქცევს და ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.

კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც“.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ელ მაისამდე აქვს.

ქართულმა ოცნებამ ეს ინიციატივა 2023 წლის 8 მაისს წარადგინა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა აღნიშნულ ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს შესთავაზა, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button