მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საათობრივი პარკინგი საბურთალოზეც ამოქმედდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკინგი 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება და მოიცავს პეკინის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს.

გამონაკლისი შემთხვევების გარდა, პარკირება ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება.

უწყების ინფორმაციით, პარკირების ახალი სისტემა დაინერგება ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე, ყაზბეგის გამზირზე, – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე).

საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 1 039 ადგილი: ყაზბეგის გამზირი – 371 ადგილი; პეკინის გამზირი – 209 ადგილი; ვაჟა-ფშაველას გამზირი – 305 ადგილი; ბახტრიონის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 52 ადგილი; სულხან ცინცაძის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 31 ადგილი; ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 71 ადგილი.

მერიის თქმით, ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს.

უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით, ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

„პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებს არ შეეეხება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პარკირება ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება.

“დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას, პირველი 15 წუთი უფასოა.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი – www.tp.ge, მობილური აპლიკაცია – TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button